გიორგი მერებაშვილის დუბლი და რეკორდი - ქართველი „ვისლას“ ისტორიაში საუკეთესოა (ვიდეო)
გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულდა და პლოცკის „ვისლას“ მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა, თავად კი კლუბის რეკორდი დაამყარა.
ექსტრაკლასას (პოლონეთის უმაღლესი დივიზიონი) მე-20 ტურში „ვისლამ“ საკუთარ მოედანზე გლივიცეს „პიასტს“ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების ფლანგის შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ, ჟერარ ბადიას გოლით სტუმრებმა 35-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ 57-ე წუთზე მერებაშვილის ულამაზესი გოლით „ვისლამ“ 2:1 მოიგო.
გიორგიმ 14 შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა, „ვისლას“ ფორმით ანგარიშზე მე-20 გოლი ჩაიწერა, ამით კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერის, ხოსე კანტეს შედეგი გააუმჯობესა (19 გოლი) და პლოცკელთა საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი გახდა.
თამაშის შემდეგ გიორგის წარმატება თანაგუნდელებმა გასახდელში სიმღერით მიულოცეს.
პოლონეთში საშემოდგომო ეტაპი დასრულდა – ამ მოგებით პლოცკის „ვისლა“ საუკეთესო რვა გუნდში მოხვდა. ექსტრაკლასაში სეზონი 8 თებერვალს განახლდება.