გიორგი მერებაშვილი - შევეცდებით, რომ ბელარუსთან სანახაობრივი ფეხბურთიც ვაჩვენოთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევი გიორგი მერებაშვილი გორში, კვიპროსთან მოგებული მატჩის ხარისხით უმაყოფილო დარჩა. თუმცა, გუნდის თამაშში პოზიტივიც აღნიშნა.
„მიუხედავად იმისა, რომ მძიმედ გამოვიყურებოდით, მთავარი მაინც შედეგი იყო და მოგებამ გამახარა. მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრამ თავისი დანიშნულება შეასრულა. ბევრი ახალი ან გამოუცდელი ფეხბურთელი იყო გამოძახებული, რომელთაც შანსი მიეცათ და თავის გამოჩენის საშუალება, ალბათ, მომავალ შეხვედრაშიც ექნებათ. შემდეგ შეხვედრას ბელარუსთან ვატარებთ და შევეცდებით, რომ შედეგთან ერთად უფრო სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენოთ“ – ამბობს მერებაშვილი.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გორში, კვიპროსთან გამართული მატჩი 1:0 მოიგო.