გიორგი მჭედლიშვილი - ტყუილად ფიქრობენ, რომ „სამგურალი“ მხოლოდ ლიგაში დარჩენისთვის იბრძოლებს
გიორგი მჭედლიშვილი ხორვატიისა და ლატვიის ჩემპიონატებში („გორიცა“, „ვენტლსპილსი“) ასპარეზობის შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა, წყალტუბოს „სამგურალში“ ჩაირიცხა და ეროვნულ ლიგაში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს.
27 თებერვალს ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყება. ეროვნული ლიგა თბილისის „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მატჩით გაიხსნება. წყალტუბოს გუნდი საუკეთესოთა შორის 19-წლიანი პაუზის შემდეგ იასპარეზებს. 29 წლის გამოცდილმა მარჯვენა მცველმა ილაპარაკა, როგორ ემზადება „სამგურალი“ „დინამოსთან“ მატჩისთვის და რა განწყობით ხვდებიან წყალტუბოელები ქვეყნის ჩემპიონთან გასამართ შეხვედრას.
„საქართველოს ჩემპიონატში ოთხი წლის შემდეგ დაბრუნდი და იმედიანად ვარ განწყობილი, „გორიცაში“ და „ვენტლსპილსში“ თამაშით კარგი გამოცდილება მივიღე და ეროვნულ ლიგასთან ადაპტაცია არ გამიჭირდა და გუნდს მალე შევეწყვე. „სამგურალი“ ძალიან მომწონს, რადგან კარგი გარემოა, მეგობრული ბიჭები არიან. ზოგიერთთან ერთად ადრეც მითამაშია. ჩემი აქ ყოფნა „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიშვილის დამსახურებაა, რომელთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი, ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების იმედები გავამართლო და გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარო,“ – ამბობს გიორგი მჭედლიშვილი.
გამოცდილმა მცველმა თურქულ შეკრებაზეც ილაპარაკა:
„თურქეთში მოსამზადებლად იდეალური პირობები იყო, ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა და კარგი მზადება გავიარეთ. ამხანაგური შეხვედრები საკმაოდ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ ვითამაშეთ და ვფიქრობ, გუნდი ჩემპიონატისთვის კარგად მომზადებულია. საერთოდ, თურქულ შეკრებაზე ჩატარებული საკონტროლო მატჩები ნორმალურად ვითამაშეთ, იყო პატარ-პატარა ხარვეზები, მომენტების რეალიზებას ვერ ვახერხებდით. ამიტომაც გამოვარჩევ ყაზახური „აკჟაიკთან“ ბოლო შეხვედრას, სადაც შექმნილი მომენტების რეალიზება მაქსიმალურად შევძელით და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ“.*
მჭედლიშვილმა მოახლოებული ჩემპიონატის პირველ ტურში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან და სუპერთასის მფლობელ თბილისის „დინამოსთან“ შეხვედრის წინ გუნდში არსებულ განწყობაზე ისაუბრა:
„თბილისში „დინამოს” წინააღმდეგ თამაში ფეხბურთელებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ჩვენც შეხვედრას მოუთმენლად ველოდებით. ზოგადად, ყოველ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და ბოლომდე დავიხარჯებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. ალბათ, ზოგიერთი ფიქრობს, რომ „სამგურალი“ მხოლოდ ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის იბრძოლებს. მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით და ჩემი აზრით, გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწევთ, ვიდრე ჩვენგან ელოდებიან. ვნახოთ, ყველაფერი ჩემპიონატში გამოჩნდება“.