გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებზე დამკვირვებელ არასამთავრობოებს მადლობა გადაუხადა
გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებზე დამკვირვებელ არასამთავრობოებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნების მეორე ტურის წინ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკვირდებიან. პრეზიდენტმა არასამთავრობოებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ ვალდებულების შესრულებისთვის, რომელიც აღებული გაქვთ ქართული საზოგადოების წინაშე. ეს მადლობა გეხებათ პირადად თქვენ, როგორც მესამე სექტორის გამორჩეულ წარმომადგენლებს, ასევე, იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ და რომლებიც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ ამ საქმიანობას.

აქვე, ხაზი მინდა გავუსვა, რაც უკვე არაერთხელ აღმინიშნავს, შეშფოთებული ვარ იმ რიტორიკით, რომელიც მესმის სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, როდესაც თქვენს ობიექტურ მოსაზრებაზე ან ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებაში მიზანმიმართულად ხდება თქვენზე შეტევა. ასეთი მენტალობა, როდესაც ობიექტური დამკვირვებელი არის ბრალდებული იმაში, რომ ახორციელებს თავის ვალდებულებას, საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას დარღვევებისა თუ გადაცდომების შესახებ, ნებისმიერ კრიტიკას აღიქვამს თავდასხმად, მენტალობა, რომლის კონტექსტშიც თუ არ უკმევ გუნდრუკს ხელისუფლებას, ძლიერებს ამა ქვეყნისა, მიჩნეული ხარ მტრად, წინაპირობაა ტოტალიტარული აზროვნების. უფრო დეტალურად მაინტერესებს თქვენთან საუბარი და რაც გაქვთ ამ უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.