გიორგი მარგველაშვილი - უზარმაზარი პატივი იყო, ვყოფილიყავი იმ შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც ასახელებს ჩემს სამშობლოს
საქართველოს შეიარაღებული და სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ უშიშროების საბჭოს ორგანიზებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლეს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება ტრადიციული გასული წლიდან გახდა და მიზნად ისახავს პრეზიდენტის ინსტიტუტს, არმიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაღრმავებას. საზეიმო მიღებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ოჯახებთან ერთად დაესწრნენ. პრეზიდენტმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებსაც უმასპინძლა.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ საქართველოს გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მოწვეულ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა.
„მოგესალმებით, ჩემო ძალიან პატივსაცემო და საყვარელო ადამიანებო. როდესაც ამ სიტყვებს ვამბობ, მე გგულისხმობთ თქვენ – შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას და ამავე დროს, იმ ადამიანებს, ვინც თქვენ გამაგრებთ ამ თქვენს გმირულ სამსახურში – თქვენი ოჯახის წევრებს. თქვენ ხართ ამ ქვეყნის სიამაყე. სიამაყე, რომელიც არ მოსულა იოლად, არ მოსულა უსისხლოდ, არ მოსულა მხოლოდ ლიტონი სიტყვებით, არ მოსულა სიმწრის გარეშე. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სამსახური სამშობლოს მიუძღვნეს, რომელსაც სამწუხაროდ, არ ჰყავს სუსტი მტერი და მტრები; სამშობლოს, რომელსაც ძალიან ძლიერი სახელმწიფო უპირისპირდებოდა და უპირისპირდება. ამ დროს შეიარაღებულ ძალებში სამსახური ნიშნავს, რომ თქვენ ბოლომდე მიუძღვენით თქვენი ფიქრი, ენერგია, მოღვაწეობა უზენაესს, რაც ჩვენს წინაპრებს, ჩვენს თაობას და მომავალს აერთიანებს – ეს არის ჩვენი საქართველო, ჩვენი მამული.
ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი ამ მშვენიერი ქვეყნის პრეზიდენტი, მიუხედავად იმ მრავალი სირთულისა და გაჭირვების, რომელიც საქართველოს აქვს.ასევე, უზარმაზარი პატივი იყო ვყოფილიყავი თქვენი თანამებრძოლი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი; იმ შეიარაღებული ძალებისა, რომელიც ასახელებს ჩემს სამშობლოს საერთაშორისო მისიებში და იმ ტრაგიკულ დაპირისპირებებში, რომელიც ჩვენ გვქონია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ სამხედრო მოსამსახურეებს, ვინც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს ქვეყანას გმირულად იცავდა.
„დღეს მინდა კიდევ ერთხელ თქვენთან მადლობა ვუთხრა ჩვენს თანამებრძოლებს, ვინც გმირულად იდგა 2008 წლის ომის დროს. ისინი იდგნენ რუსეთის ფედერაციის რეგულარული არმიის პირისპირ და მადლობა ვუთხრა არა მარტო იმ გმირობისთვის, რომლითაც იცავდნენ საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს მიწა-წყალს, არამედ აგრეთვე იმისთვის, რომ სადაც და როგორც არ უნდა განხილული იყოს ეს საქმე, ღირსება ქართველი ჯარისკაცის, რომელიც არის ერთდროულად მებრძოლი, გმირი, შეუპოვარი, მაგრამ ამავე დროს არ არღვევს ჰუმანიზმის პრინციპებს, ეს დადასტურდა ამ სისხლიან ბრძოლაში 2008 წელს. საქართველოს ჯარისკაცები, რომლებსაც ჰქონდათ უმაღლესი სტანდარტის მომზადება, წითელი ჯვრის ვალდებულებების მიხედვით, ნატოს სტანდარტებით, შეიარაღებულნი იყვნენ ამ ცოდნით, ამ პროცედურებით, მაგრამ აგრეთვე იმ დიდი წარსულით, იმ დიდი ჰუმანიზმის გაკვეთილებით, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეებში განახორციელეს.
მადლობა, რომ ამ ომიდან საქართველო გამოვიდა მორალურად წელში გამართული. იმიტომ, რომ ვერავინ დააბრალებს ქართველ ჯარისკაცს, რომ რაიმე უკანონობა ჩაიდინა. არც ერთ ჯარისკაცს, არც ერთ კაპრალს, არც ერთ სერჟანტს, არც ერთ ოფიცერს, არც ერთ გენერალს არ დაურღვევია მთავარი პრინციპები.
დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც დაიღუპნენ აფხაზეთის ომში. მადლობას ვეუბნებით მათ თავიანთი გმირობისთვის და ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე და გამოვხატავთ მადლიერებას მათი ოჯახების მიმართ. დღეს ჩვენ აგრეთვე ვაჯილდოებთ მისიებში მონაწილე ჩვენ თანამებრძოლებს, ამით კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლობას გამოვხატავთ მათი სამსახურის წინაშე.
დიდი მადლობა, ღმერთმა დალოცოს საქართველოს შეიარაღებული ძალები და ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის საქართველოს ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა 112 სამხედრო მოსამსახურე (სიკვდილის შემდეგ). ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“(RSM) მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.