გიორგი მარგველაშვილი - საქართველოში აღარ არსებობს სასამართლო, პარლამენტი, მთავრობა, ერთადერთი ფუნქციური შტო დარჩა მედია, ამ მედიის წინააღმდეგ არის დღეს ბრძოლა
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოში აღარ არსებობს სასამართლო, პარლამენტი, მთავრობა, ერთადერთი ფუნქციური შტო დარჩა მედია, ამ მედიის წინააღმდეგ არის დღეს ბრძოლა

აღარ არსებობს სასამართლო, აღარ არსებობს პარლამენტი, მთავრობა და ერთადერთი ფუნქციური შტო სახელმწიფოში დარჩა მედია, დღეს აქ ყოფნა არის საქართველოში ერთადერთი ფუნქციური ხელისუფლების მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელიც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მედიის წარმომადგენელთა ორგანიზებულ აქციაში იღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის, რომ მეორედ სხვა პრემიერ-მინისტრს არ მოუვიდეს თავში ბინძური ალიანსის შეკვრა კრიმინალებთან.

„დღეს აქ ყოფნა არის არა უბრალოდ ქართული მედიის მხარდაჭერა, არა უბრალოდ თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერა. დღეს აქ ყოფნა არის საქართველოში ერთადერთი ფუნქციური ხელისუფლების მხარდაჭერა. აღარ არსებობს სასამართლო, აღარ არსებობს პარლამენტი აღარ არსებობს ხელისუფლება, მთავრობა და ერთადერთი ფუნქციური შტო სახელმწიფოში დარჩა მედია. ამ მედიის წინააღმდეგ არის მიმართული დღეს ბრძოლა. არა უბრალოდ აღიზიანებს მედია ვიღაცის ყურს, არა, სტრატეგიულად მიუღებელია ამ სახელმწიფოში თავისუფალი მედია. თქვენ აქ უნდა იყოთ და მე აქ იმიტომ ვარ, რომ ვიცავ ლექსოს ხსოვნასაც, მე ვიცავ ქართულ მედიასაც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, აქ დგომით ვიცავ ქართულ სახელმწიფოს. პოლიტიკური მოთხოვნის დაყენება არის ადეკვატური მოთხოვნა. ეს ადეკვატური მოთხოვნა არანაირად არ გამორიცხავს სამართლებრივ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ყველა ფიგურანტის მიმართ, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის, რომ მეორედ სხვა პრემიერ-მინისტრს არ მოუვიდეს თავში ასეთი ბინძური ალიანსის შეკვრა კრიმინალებთან იმისთვის, რომ გადაუხადოს პოლიტიკური „პაგრომი“ თბილისის ცენტრში. ეს უნდა ვიცოდეთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ თუ არ მოვითხოვთ, ჩვენ ფაქტობრივად, ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ამ და სხვა პრემიერებმა ასეთი „პაგრომები“ ჩაატაროს, – განაცხადა მარგველაშვილმა.