გიორგი მარგველაშვილი - პირდაპირ გვითხრეს, 6 თვეში დეოლიგარქიზაცია, ქვეყნის პოლიტიკურ ენაზე ეს არის 6 თვეში რიგგარეშე არჩევნები, რომელიც ახალ ხელისუფლებას მოიყვანს სათავეში
გიორგი მარგველაშვილი - პირდაპირ გვითხრეს, 6 თვეში დეოლიგარქიზაცია, ქვეყნის პოლიტიკურ ენაზე ეს არის 6 თვეში რიგგარეშე არჩევნები, რომელიც ახალ ხელისუფლებას მოიყვანს სათავეში

პირდაპირ გვითხრეს, 6 თვეში დეოლიგარქიზაცია, ქვეყნის პოლიტიკურ ენაზე გადათარგმნილი, ეს არის 6 თვეში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ლეგიტიმურად ახალ ხელისუფლებას მოიყვანს სათავეში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ზურგი შეაქცია არა მარტო ამ ხალხს, დღევანდელ საქართველოს, არამედ ქვეყნის ისტორიულ არჩევანს.

„დღეს არის საამაყო და სასიხარულო დღე, ძალიან ბევრნი ვართ და ძალიან კარგი სულისკვეთებით ვდგავართ აქ. რაც შეეხება პოლიტიკურ მოთხოვნებს, ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორებისგან რუბიკონი გადალახულია, მათ ჩაწერეს სიტყვა დეოლიგარქიზაცია. ეს სიტყვა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება უნდა იქნას გათავისუფლებული იმ წნეხისგან, რომელიც არის ხელისუფლებაზე. ამის მოხდენა მშვიდად, კანონიერად, კონსტრუქციულად, ისე, როგორც ქართველ ხალხს უნდა, სხვანაირად შეუძლებელია, თუ არა არჩევნებით. ამ არჩევნებს ბევრი არგუმენტი აქვს. პირველ რიგში, ეს არგუმენტია 2020 წლის აბსოლუტურად დელიგიტიმიზირებული საარჩევნო პროცესი, მეორე არგუმენტი არის ამის მოსაგვარებლად დელიგიტიმიზირებული შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც დახია „ქართულმა ოცნებამ“ და ბოლოს ის, რაც ხდება დღეს, რომ ჩვენმა მთავრობამ ზურგი შეაქცია არა მარტო ამ ხალხს, დღევანდელ საქართველოს, არამედ ჩვენს ისტორიულ არჩევანს. იმას, რაც ჩვენი ერის მისიაა, ვიყოთ თავისუფალი ერი თავისუფალ ერთა ოჯახში და ეს არის დღეს ევროპა. ასე რომ, აბსოლუტურად ლეგიტიმურია მოთხოვნა, ლეგიტიმურია და ზის დღის წესრიგში იმ მოთხოვნებთან, რომელიც წარმოადგინა ერთმა რომელიმე დეპუტატმა კიარა, მთლიანად ევროკავშირმა. ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამისთვის ბრძოლაა საჭირო. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. ეს არის ის დინამიკა, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს ევროკავშირი, მათ ეს სიტყვა პირდაპირ ჩაწერეს. ეს უნდა მოხდეს ვადამდელი არჩევნების გზით. მათ პირდაპირ გვითხრეს, 6 თვეში დეოლიგარქიზაცია, ქვეყნის პოლიტიკურ ენაზე გადათარგმნილი, ეს არის 6 თვეში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ლეგიტიმურად ახალ ხელისუფლებას მოიყვანს სათავეში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.