გიორგი მარგველაშვილი - ნატო და გლობალურად, რეგიონი იქნება უფრო დაცული, როდესაც საქართველო იქნება ნატო-ს წევრი
გიორგი მარგველაშვილი - ნატო და გლობალურად, რეგიონი იქნება უფრო დაცული, როდესაც საქართველო იქნება ნატო-ს წევრი

ნატო და გლობალურად, რეგიონი იქნება უფრო დაცული, როდესაც საქართველო იქნება ნატო-ს წევრი​, – ​ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პირველი არხის კითხვის პასუხად განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, იმ სიმტკიცის კონტექსტში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იჩენს ნატო-ს წევრობისკენ გზაზე, საქართველოს პროგრესი უნდა დაჩქარდეს.

​„ჩვენ ვითხოვთ ნატო-ს წევრობას, ყველა იმ ადეკვატურ ნაბიჯს, რომელიც ამ პროცესის ფორსირებას, დაჩქარებას გამოიწვევს. ამ მიმართულებით, ჩვენი მუდმივი ურთიერთობა პარტნიორებთან იწყება ამ საკითხით და მტკიცების ლოგიკა შემდეგში მდგომარეობს, რომ ნატო და გლობალურად, რეგიონი იქნება უფრო დაცული, როდესაც საქართველო იქნება ნატო-ს წევრი. მთავარი საკითხი, რაც დღეს ნატო-ში განიხილება, არის პასუხისმგებლობის საკითხი. ამ თვალსაზრისით ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ არა მარტო ნატო-ს ასპირანტ, არამედ ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის.

ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან წელში გამართული მივდივართ ნატო-ს სამიტზე. ჩვენი მტკიცება მდგომარეობს შემდეგში – ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი წევრი ამ პროცესის, იმ პროცესის, რომელიც 16 წლის წინ დავიწყეთ . 10 წელი გავიდა იმ დაპირებიდან, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ამ კონტექსტში და იმ სიმტკიცის კონტექსტში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იჩენს, საქართველოს პროგრესი უნდა დაჩქარდეს.

ეს არის ის საუბარი, რომელსაც მე ყველა ჩემს კოლეგასთან ვახორციელებ. საქართველოს ჰყავს ბევრად მეტი და ძალიან მტკიცე მეგობარი, ვიდრე სხვა ქვეყნებს, რომლებიც ამ პროცესს გადიოდნენ. ძალიან ბევრი ქვეყანა მტკიცედ და კითხვის ნიშნის გარეშე საუბრობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სრულ მხარდაჭერაზე. ეს ჩვენ გვაქვს და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. სხვებმა უფრო რთული გზა გაიარეს და ნაკლები მხარდამჭერი ჰყავდათ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ნატო-ს ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესში კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესი განიხილეს.