გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ესწრება
გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ესწრება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

მარგველაშვილის თქმით, საქართველოს დღეს მართავს რუსეთიდან მართული ხელისუფლება და აქციაზე დგას, რათა საქართველო იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი.

„აქ ყოფნისთვის ბევრი მიზეზია. პირველ რიგში, არის პატივის მიგება იმ ხალხის მიმართ, რომლებიც აქ წლების წინ შიშველი ხელებით დაუპირისპირდნენ რუს ოკუპანტებს. სამწუხაროდ, წლების შემდეგ ზუსტად იმავე წერტილში ვიმყოფებით, როგორც მაშინ. მაშინაც საქართველოს რუსეთი და მოსკოვიდან მართული კომუნისტური ხელისუფლება მართავდა და დღესაც საქართველოს მართავს რუსეთიდან მართული ხელისუფლება. შესაბამისად, ჩვენი ბრძოლა, რათა საქართველო იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და იყოს თავისი ისტორიული არჩევანის წერტილში, იმ არჩევანის წერტილში, რომელიც მეოთხე საუკუნეში გავაკეთეთ, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანული ევროპული ერი – ამისთვის მეც ვდგავარ აქ და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ამისთვის დგას აქ.

მთავარია, არ გავჩერდეთ, მთავარია, არ დავიბნეთ და არ ჩამოვყაროთ ხელები ამ ბრძოლის პროცესში, ისევე როგორც ეს 80-იანებში ხდებოდა. საქმე ის კი არაა, მიგვიყვანს თუ არ მიგვიყვანს, კითხვაა – როდის მიგვიყვანს. რაც უფრო მეტი, ერთიანი და ორგანიზებული ვიქნებით, უფრო სწრაფად მიგვიყვანს. მაინც მივალთ იმ წერტილში, მაგრამ შეიძლება უფრო ნელა. ჩვენ აქ თარიღებზე არ უნდა ვილაპარაკოთ, აქ ვდგავართ, გავაგრძელებთ და მივალთ“, – განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.

გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.