გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი მიზანი უნდა იყოს ბრძოლა რუსების განსადევნად, რომლებიც ქართულ მიწაზე უკანონოდ იმყოფებიან
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი მიზანი უნდა იყოს ბრძოლა რუსების განსადევნად, რომლებიც ქართულ მიწაზე უკანონოდ იმყოფებიან

ქართული საზოგადეობის მიზანი უნდა იყოს ბრძოლა რუსების განსადევნად, რომლებიც ქართულ მიწაზე უკანონოდ იმყოფებიან, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

მისი თქმით, საქართველო რთულ სიტუაციაში იმყოფება და საზოგადოებამ უნდა შეძლოს მთავარი საკითხების გარშემო გაერთიანება. ერთ-ერთ ასეთ საკითხად მარგველაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია დაასახელა.

„ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით. საქართველო არის ქვეყანა, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ოკუპაცია არა 2008 წელს, არამე 1990-იანი წლებიდან დაიწყო. 2008 წელს მათ ეს ოფიციალურად გააფორმეს, რეგულარული არმიის დახმარებით. ამავე დროს საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირსა და ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში. საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და აქვს გამოწვევები. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს, ისევე როგორც ყველა დასავლური დემოკრატიის წინააღმდეგ, მიმდინარეობს პროპაგანდისტული შეტევა. ამ შეტევის მიზანია სიმართლის კითხვის ქვეშ დაყენება. ეს სიმართლე არის, რომ საქართველოს აქვს არჩევანის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის უფლება. რაც მთავრია, არ არსებობს ლეგიტიმური მიზეზი, რომ ეს უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო. ქართული საზოგადოება ამ სიმართლის გარშემო უნდა გაერთიანდეს. ჩვენი მიზანი არის დემოკრატია და დასავლური კურსის შენარჩუნება. ჩვენი მიზანია ბრძოლა რუსეთთან, რომელიც ქართულ მიწაზე ყველა საერთაშორისო წესის დარღვევით იმყოფება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.