გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სლოვაკ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სლოვაკ კოლეგას ანდრეი კისკას შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ პოლიტიკურ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო იყო. მხარეებმა ასევე იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რომლებიც უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად უნდა გადაიდგას.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის პრეზიდენტს იმ განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საქართველოს ინტერესების ადვოკატირებისთვის, რასაც სლოვაკეთი ახდენს საერთაშორისო არენაზე და მათ შორის გაერო-ს ტრიბუნაზე. შეხვედრისას ყურადღება საერთო ევროპული კეთილდღეობისთვის საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე და იმ თანამშრომლობის პროექტებზე გამახვილდა, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
მხარეებს შორის საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებას. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს.
მხარეებმა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის საერთაშორისო და ევროკავშირის დღის წესრიგში შენარჩუნების აუცილებლობა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის პრეზიდენტს გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების მხარდაჭერისათვის, რომელიც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს მოქალაქეების იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.