გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურის წინ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრებს მართავს. დღეს პირველი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილმა IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) წარმომადგენლებთან გამართა. პრეზიდენტი გაეცნო იმ შეხედულებებსა და პოზიციებს, რომელიც სადამკვირვებლო მისიის წევრებს წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით აქვთ.
პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ჯერ კიდევ პირველი ტურის დასრულებისთანავე პრეზიდენტმა სადამკვირვებლო მისიებს მეორე ტურისთვისაც აქტიური საქმიანობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„საკმაოდ პოლარიზებულია საარჩევნო გარემო და ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება შეასრულოს არჩევნების დღეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქცევამ და მათმა შეფასებებმა. მათი პოზიციის მოსმენა ძალიან საინტერესოა პრეზიდენტისთვის. პრეზიდენტი, თავის მხრივ, სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს გაუზიარებს თავის შეხედულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდიოდა ეს პერიოდი. არაერთი მნიშვნელოვანი შეფასება, საგანგაშო სიგნალი მოვისმინეთ, მათ შორის, ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ამ ყველაფრის გათვალისწინება და პრევენცია, როგორიც იყო ძალადობის ფაქტების გამოვლინება, გარკვეული მოსაზრებები საარჩევნო მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია ამ დროს ერთობლივად, სერიოზული მუშაობა იმისათვის, რომ მეორე ტური, რომელიც თავისთავად არის დემოკრატიულობის ნიშანი, ჩატარდეს ისე, რომ ამ დემოკრატიულობის ხარისხს ჩრდილი კი არ მიადგეს, არამედ ჩვენ დავრჩეთ ან ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ ქართულ დემოკრატიაში“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
IRI-ის სადამკვირვებლო მისიასთან გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი ესწრებოდნენ.