გიორგი მამარდაშვილი - საუკეთესოდ აღიარებას არ ველოდი, კარგი სეზონი ბევრ ფეხბურთელს ჰქონდა #1TVSPORT
„ჩემთვის დიდი პატივია ამ გამოკითხვაში გამარჯვება. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ იმედები გავამართლო“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა „სარბიელის“ ტრადიციულ დაჯილდოებაზე, სადაც საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე წლის ქართველ ფეხბურთელად დაასახელეს.
გიორგი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ჩქარობდა, რომელიც დღეს დაიწყო. ამის მიუხედავად, 21 წლის მეკარემ მედიასთან კომენტარი მაინც გააკეთა.
„მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდა გამოკითხვაში. სიმართლე გითხრათ, ასეთ აღიარებას არ ველოდებოდი, რადგან კარგი სეზონი ბევრ ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა. ძალიან მაგარი პრიზი მივიღე და პირობას ვდებ, რომ მაქსიმუმს გავაკეთებ და ამაზე არ გავჩერდები.
ალბათ, ჯილდოს გადმოცემის მიზეზი იყო არა მარტო „ვალენსიაში“ მოხვედრა, არამედ ისიც, რომ ნორმალური სეზონიც ჩავატარე. რაც მთავარია, მიმდინარე სეზონიც კარგად დაიწყო. მთავარია, ასეც გავაგრძელო. ვნახოთ, რა იქნება.
ყველაზე რთული იყო ენობრივი ბარიერი, რადგან ესპანური არ ვიცოდი. შემდეგ ყველაფერი ნელ-ნელა ავითვისე. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც მათ მოთხოვნებს შევეჩვიე. მაგრამ ენის არცოდნა ყველაზე რთული ბარიერი იყო. მაგრამ კარგი მწვრთნელი მყავს, გუნდში კარგი ფსიქოლოგიაა და ეს ძალიან დამეხმარა.
გატუზო? ყველამ იცის, როგორი ემოციურია. მას ფეხბურთელებთან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ძალიან უშუალო ადამიანია და მოთამაშეებს ყველანაირად ხელს უწყობს.
რაც შეეხება სანაკრებო თამაშებს, მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავახაროთ ქართველი ხალხი და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებით მოვამთავროთ კარგად დაწყებული ჯგუფური ეტაპი.
კვარაცხელიაზე რას ვიტყოდი? ხვიჩა ძალიან მაგარ ფორმაშია, „ნაპოლიში“ შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა და ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც გააგრძელებს“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 1995 წლის შემდეგ, როდესაც გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვაში აკაკი დევაძემ გაიმარჯვა, გიორგი მამარდაშვილი მეორე მეკარეა, რომელიც წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.