გიორგი მამარდაშვილი - ნაკრებში კარის მშრალად შენახვა პირველად ალბანეთში მოვახერხე, იმედია, ხვალაც კარგი მოგონებები დამრჩება #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი ერთა ლიგის B დივიზიონში ალბანეთთან შეხვედრამდე ტირანას „ეარ ალბანია არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციას საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად ესწრებოდა და მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„სტუმრად თამაში იოლი არასოდეს არის და ხვალაც რთულ შეხვედრას ველით. ვიცით, რომ თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა და ტრიბუნები სავსე იქნება. თუმცა ჩვენ წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ.
საქართველოს ნაკრების კარის მშრალად შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე. მაშინ ევროპული კარიერა ახალი დაწყებული მქონდა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე. იმედია, რომ ისე ვითამაშებთ, როგორც ჩეხეთთან, გავიმარჯვებთ და ამ სტადიონიდან კარგი მოგონებები დამრჩება.
წინა მატჩებში თანაგუნდელების შეტევაში თამაშით სიამოვნებას ვიღებდი. ამ რესურსის გათვალისწინებით, ლოგიკურად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია.
რატომ გადავედი ქომაგებთან ჩეხეთთან მატჩის შემდეგ? ეს მადლობის ჟესტი იყო. ვფიქრობ, მათ გარეშე ვერ მივიდოდით იმ დონეზე, სადაც ამჟამად ვიმყოფებით. ქომაგები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთთან გამართავს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო წარმოგიდგენთ.