ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, გიორგი მამარდაშვილს ჩეხეთთან მოგებულ ერთა ლიგის სასტარტო მატჩში (4:1) ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ საწყის წუთებში „ვალენსიის“ მეკარემ „ჯვაროსნები“ ორჯერ ძალიან რეალური საგოლე მომენტებისგან იხსნა.
„ჩეხეთის ნაკრები ძლიერი გუნდია. ბუნებრივია, რომ რთულ თამაშს ველოდებოდით და ასეც გამოვიდა. მართალია, 4:1 მოვიგეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იოლად გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ უფრო მოტივირებულები ვიყავით.
ალბანეთში რთული თამაში გველოდება, რადგან გასვლითი მატჩი ყოველთვის ძნელია. როცა საქმე ნაკრებს ეხება, ფსიქოლოგიური ზეწოლა მუდამ იგრძნობა, მაგრამ წნეხის ქვეშ თამაშს მივეჩვიეთ და სასიხარულოა, რომ ამისთვის თითოეული ფეხბურთელი მზადაა. ასი პროცენტით დავიხარჯებით, რომ მოახლოებული თამაშიც მოვიგოთ“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთთან გამართავს, რომელმაც უკრაინა დაამარცხა (2:1) და ჩვენთან ერთად ერთა ლიგის B1 ჯგუფში გალიდერდა.