გიორგი მამარდაშვილი - ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ოცნება ავიხდინე #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი - ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ოცნება ავიხდინე #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს წელიწადია ელოდა და ვილი სანიოლიმ ამის საშუალება მისცა – 8 სექტემბერს, „ვასილი ლევსკის არენაზე“ 20 წლის მეკარე „ჯვაროსნების“ კარში პირველად ბულგარეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში დადგა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა 1:4 წააგო და მამარდაშვილმა სადებიუტო შეხვედრაში 4 გოლი გაუშვა, გიორგის თავად ნაკრებში დებიუტის ფაქტი ძალიან ახარებს. ამის შესახებ „ვალენსიას” ქართველმა მეკარემ ინსტაგრამზე დაწერა.

„რთულია რამის თქმა ამ თამაშების შემდეგ, მაგრამ მე მჯერა, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ჩვენც შევძლებთ გავახაროთ ქართველი ხალხი! დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის! ეს დღე მე არასდროს დამავიწყდება, რადგან ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ოცნება ავიხდინე – დებიუტი ეროვნულ გუნდში. ოცნებები ყოველთვის ახდება“, – წერს გიორგი მამარდაშვილი.

გიორგი მამარდაშვილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური ფიგურაა – ქართველი ფეხბურთელები ჯერ ნაკრებში თამაშობენ და მერე ცდილობენ ევროპაში გადასვლას. გიორგის შემთხვევაში კი პირიქით მოხდა.

ის პირველი ქართველი მეკარეა, რომელმაც ტოპ-5 ლიგაში ითამაშა. ზაფხულში „ვალენსიაში“ მეოთხე მეკარედ გადასულმა ლა ლიგის სასტარტო სამივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, საქართველოს ნაკრებში კი მხოლოდ ამის შემდეგ ათამაშეს.