გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების შესახებ გადაწყეტილება სავარაუდოდ 17 მარტს გამოცხადდება
გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების შესახებ გადაწყეტილება სავარაუდოდ 17 მარტს გამოცხადდება

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების შესახებ გადაწყეტილება სავარაუდოდ 17 მარტს გამოცხადდება. ამის შესახებ განცხადება პენიტენციური სამსახურის ადვოკატმა ნიკა აბრამიშვილმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

სასჯელის გადავადების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მიმართა. სასამართლო სხდომა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღევანდელ სხდომაზე ის ექსპერტები დაიკითხნენ, რომლებიც მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა დადეს, ასევე დაიკითხა პენიტენციური დაწესებულების ექიმი, რომელმაც სასამართლოს მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას ბრალად პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის მკვლელობის მცდელობა დაუმტკიცდა.

მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან 15 წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საბოლოოდ, სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ. 2018 წლის 13 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო. თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.