გიორგი მაკარიძე - დიდი სურვილი მაქვს, კარიერა უკეთეს გუნდში გავაგრძელო
საქართველოს ნაკრებისა და „ვიტორია სეტუბალის“ მეკარე გიორგი მაკარიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ პორტუგალიის ჩემპიონატის დასრულებული სეზონი შეაჯამა და საკუთარი ასპარეზობაც შეაფასა.
„დასრულებულ სეზონში რამდენიმე კარგი მატჩი მართლაც ჩავატარე. მაგრამ გამოვარჩევდი ბოლოსწინა ტურში ლისაბონის „სპორტინგთან“ შეხვედრას, რომელიც 0:0 დავასრულეთ. ამ მატჩის წაგებით „სეტუბალი“ მეორე ლიგაში გავარდებოდა. მეორე „ბენფიკასთან“ მატჩი იყო, რომელიც 1:1 დავასრულეთ. ამ შეხვედრამდე ჩემს ინტერვიუს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და ჩემთვის ამ დაპირისპირებას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. „ბენფიკასთან“ 1:1 ვითამაშეთ და შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი გუნდის საუკეთესო თამაში იყო. „პანდემიის გამო, სეზონი საკმაოდ რთული და გრძელი გამოდგა. ბოლო ტურში ყველაფერი ჩვენზე იყო დამოკიდებული, თუ მოვიგებდით, გადავრჩებოდით. ამაში მაყურებელმა დიდი როლი ითამაშა, რადგან ფაქტობრივად, მთელი ქალაქი ქუჩაში იყო გამოსული და ძალიან დიდ მუხტს გვაძლევდა. საბედნიეროდ, „ბელენენსეშთან“ ბოლო მატჩი გულშემატკივრების დახმარებით დამაჯერებლად ჩავატარეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ, “ – ამბობს ფეხბურთელი.
„ტაიმაუტში“ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ პანდემიამ გუნდზე და პირადად მასზე გავლენა მოახდინა:
„სეზონის მთავარი პრობლემა პანდემია იყო, რადგან ბოლო 10 წელი გუნდის მიზანი ადგილის შენარჩუნება იყო. ჩემპიონატის შუა პერიოდში, ზედიზედ რამდენიმე მატჩი მოვიგეთ და გვეგონა, გავარდნა აღარ გვემუქრებოდა. პანდემიის პაუზა სწორედ ამას დაემთხვა. სეზონის ფინიშამდე 10 ტურით ადრე გასავარდნი ზონის „პორტიმორენსეს“ 12 ქულით ვუსწრებდით. ორთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს რომ დავუბრუნდით, ეტყობა, მოვდუნდით, კონცენტრაციის პრობლემაც იყო და უმაყურებლოდაც გაგვიჭირდა. ზედიზედ 15 მატჩი ვერ მოვიგეთ და თავდაჯერებულობაც დაკარგული გვქონდა. პანდემიამ პირადად ჩემზე გავლენა მოახდინა. მაყურებლის გარეშე, თანაც შუადღეს მაღალ სიცხეში თითქმის გამორიცხულია, 90 წუთი კონცენტრირებული იყო – რამდენიმე არადამაჯერებელი თამაში ამის გამო ჩავატარე“.
გადაცემაში მან შესაძლო ტრანსფერზეც ილაპარაკა:
„ჯერ კონკრეტული შემოთავაზება არ მაქვს. თუმცა, დიდი სურვილი მაქვს, კარიერა შედარებით უკეთეს გუნდში გავაგრძელო“.
იგი ერთა ლიგაზე ბელორუსთან მოახლოებულ შეხვედრასაც შეეხო:
„ამ მატჩამდე დიდი დროა დარჩენილი და არ ვიცით, ვინ როგორ ფორმაში შევხვდებით. ასე რომ, მეც და ქართველი გულშემატკივარი თამაშს ველით. დიდი იმედი მაქვს, მაყურებელს დასწრების საშუალება მიეცემა, რადგან ორმაგად მოტივირებულები ვიქნებით და ეს ფაქტორი ჩვენთვის დიდი პლუსი იქნება“.
საქართველოს ნაკრებისა და „ვიტორია სეტუბალის“ მეკარეს პორტუგალიის დასრულებულ ჩემპიონატში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა – კლუბის ძირითადი მეკარე იყო და 38 მატჩიდან 37 ჩაატარა, ერთი კი დისკვალიფიკაციამ გამოატოვებინა. მაკარიძე ლიგის რეკორდსმენი გახდა, რადგან 14 მატჩი ისე დაასრულა, გოლი არ გაუშვია, რაც მსგავსი დონის გუნდისთვის მიღწევაა.
გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრიმიერა ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი მეკარე ფეხბურთის სტატიტიკის და ანალიტიკის გვერდმა „ვჰუსქორდმა“ (whoscored.com) გამოარჩია, რომელიც მატჩის შემდეგ ევროპის გამორჩეული ლიგების მოთამაშეებს აფასებს. გიორგიმ სეზონის განმავლობაში 10-ბალიან სისტემაში 6,8 ქულა დააგროვა და ცნობილ მეკარეებს გადაასწრო.