გიორგი ლორია - მეც და მთელი საქართველოც ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების მოლოდინში ვართ
„ფამაგუსტას „ანორთოსისში“ საქართველოს ნაკრების ოთხი წევრი ვართ და ძალიან კარგია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე სათამაშო დრო ყველას გვაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა.
გამოცდილმა მეკარემ 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილი შეხვედრისთვის კვიპროსული გუნდის ქართველი ლეგიონერების მზადყოფნაზე ისაუბრა:
„ყველას საკმარისი სათამაშო დრო გვაქვს, თამაში ყოველ მესამე-მეოთხე დღეს გვიწევს და ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბრის შეხვედრას ყველა კარგ ფორმაში ვხდებით“.
საქართველოს ნაკრების მეკარემ „ევრო2020“-ის პლეიოფის მოახლოებულ ისტორიულ ფინალში ჩვენი მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია დაახასიათა:
„ორივე ძალიან კარგი გუნდი ვართ და „ევრო2020“-ზე თამაშს ვიმსახურებთ. ფინალში გადაწყდება, ვინ უფრო ძლიერია. თუმცა, მე ჩვენი ნაკრების და ფეხბურთელების მჯერა და 100 პროცენტით ვეცდებით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ან სხვა რა მოლოდინი უნდა მქონდეს – არა მხოლოდ მე, არამედ, მთელი საქართველო ამ შეხვედრაში გამარჯვებას ვიმედოვნებთ“.