გიორგი ლორია - „დინამო თბილისს“ „ასტანასთან“ მოგება შეეძლო #1TVSPORT
გიორგი ლორია - „დინამო თბილისს“ „ასტანასთან“ მოგება შეეძლო #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ გამოცდილმა მეკარემ, გიორგი ლორიამ და მცველმა, ალექსანდრე კალანდაძემ „ასტანასთან“ სტუმრად ფრედ (1:1) დასრულებული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შეაფასეს.

გიორგი ლორია, „დინამო თბილისის“ მეკარე: „ძალიან რთული შეხვედრა იყო იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნურ მინდორზე ვითამაშეთ. ამას დაემატა ჩახუთული ამინდიც. ამ ყველაფერმა ჩვენს თამაშს პირველ 15 წუთში დაღი დაასვა.

სამწუხაროდ, გოლი პრობლემების გადალახვის პროცესში გავუშვით, მაგრამ მერე გუნდში რწმენა მოვიდა, ბიჭებმა საკუთარი თავის დაიჯერეს და თამაში შემოვაბრუნეთ.

ეს საკმაოდ კარგად გამოგვივიდა. იმის გათვალისწინებით, რომ მომენტები შევქმენით, მიმაჩნია, მოგებაც შეგვეძლო. ალბათ „ასტანა“ უფრო გადარჩა“.

ალექსანდრე კალანდაძე, „დინამო თბილისის“ მცველი: „რა თქმა უნდა, რთული თამაში გამოვიდა, მაგრამ შედეგი ჩვენთვის მისაღებია. წინ კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, მოვიდნენ „დინამო არენაზე“ და მხარი დაგვიჭირონ“.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი „დინამო თბილისსა“ და ყაზახეთის ჩემპიონს, „ასტანას“ შორის 19 ივლისს თბილისში, „დინამო არენაზე“ შედგება. ამ წყვილის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე ზაგრების „დინამოსთან“ (ხორვატია) ითამაშებს.