გიორგი ლორია - დიდი იმედგაცრუება იყო, როცა "ჩელსიში" ტრანსფერი ჩაიშალა
გიორგი ლორია - დიდი იმედგაცრუება იყო, როცა "ჩელსიში" ტრანსფერი ჩაიშალა

საქართველოს ნაკრების მეკარემ, რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე “ანჟის” წევრმა გიორგი ლორიამ ინტერვიუ მისცა თავისი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს.

ინტერვიუს ერთ-ერთ ნაწილში მან გაიხსენა ლონდონის “ჩელსიში” არშემდგარი ტრანსფერი. 2015 წლის ზაფხულში, ქართველი მეკარის გადაბირებით თვით ჟოზე მოურინიო იყო დაინტერესებული, რომელიც იმ მომენტში ლონდონურ კლუბს ედგა სათავეში.

– იქ ბევრი ასპექტი იყო, – ამბობს ლორია. – როგორც ამიხსნეს, იმ ზაფხულს მიიღეს ახალი კანონი, რომელიც გვამცნობდა: “თუ შენ არ გაქვს ევროპული პასპორტი, მაშინ მთელი რიგი შეზღუდვების გავლა მოგიწევს”. მე ნაკრებში რეგულარულად ვთამაშობდი, შესაბამისად, შემეძლო რომელიმე ინგლისურ კლუბში გადასვლა. მაგრამ მუშაობის ნებართვა ვერ მივიღე, რადგან საქართველო არ შედიოდა მსოფლიოს TOP70 ქვეყანაში. 


– ძალიან განაწყენდით? 


– რა თქმა უნდა.ჩემს ადგილას ვინ არ განაწყენდებოდა?! ასეთი წინადადება, ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ გაქვს. 


– ვინ გამოიჩინა თქვენს ტრანსფერში ინიციატივა? 


– “ჩელსის” მენეჯმენტმა. ის ეძებდა ნაცნობებს ჩემზე გამოსასვლელად. მაგალითად, გურამ კაშია მირეკავდა ჰოლანდიიდან. მაშინ ბევრი სატელეფონო ზარი იყო. ბოლოს დამირეკა “ჩელსის” სპორტულმა დირექტორმა: “გიორგი, მაიკ ემენალო ვარ. ჟოზემ უყურა შენს თამაშებს. მოეწონე და 100 პროცენტით აკმაყოფილებ. მიდი, გელოდებით ორშაბათს”. საუბარი პარასკევს შედგა. 


– მათ არ უთხარით იმ წინააღმდეგობებზე, რაც თქვენს ტრანსფერს ელოდა? 

ызщს
– საქმეც იმაშია, რომ გვიან მითხრეს ამის შესახებ. მაშინ “ჩელსი” ძალიან იყო დაინტერესებული ჩემით, რადგან კურტუა დაიმტვრა და რჩებოდა ბეგოვიჩი. ორ საათზე ხელი მოვაწერე “კრილიასთან” კონტრაქტს, საღამოს რვაზე კი ეს საუბარი შედგა. დილით ისევ დამირეკა და დამწუხრებულმა მითხრა, რომ ყველაფერს ეცადნენ, მაგრამ ინგლისური კანონების გამო, შანსი არ მქონდა.