„ანორთოსისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ გიორგი ლორიამ პირველი კომენტარი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და კმაყოფილება გამოხატა. საქართველოს ნაკრების მეკარე თემურ ქეცბაიას გუნდში 2024 წლამდე ითამაშებს.
„მოხარული ვარ გაცნობოთ „ანორთოსისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, მე ყოველთვის ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და ნდობას. ისტორია გრძელდება“, – წერს გიორგი ლორია.
გიორგი ლორიამ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, სადაც 2005–2014 წლებში თამაშობდა. 2014–15 წლები ბერძნულ „ოფიში“ გაატარა და კარგი სეზონით, სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო. 2015 წელს გიორგი ლორიამ „ოლიმპიაკოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ იქ თამაში არ ჩაუტარებია – მერე იყო „კრილია სოვეტოვი“, „ანჟი“ და გერმანული „მაგდებურგი“, ხოლო „ანორთოსისში“ 2019 წლიდან თამაშობს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 2008 წლიდან იცავს. პირველად ნაკრების მაისურით 2008 წლის 27 მაისს, ესტონეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. სულ „ჯვაროსნების“ ფორმა 63-ჯერ მოირგო – ამ მაჩვენებლით ქართველ მეკარეებში პირველია, ვინც ნაკრებში ამდენი მატჩი ჩაატარა.
გარდა ამისა, ლორია მეორე მეკარეა, ვინც მის ღირსებას 13 წლის განმავლობაში იცავს. პირველი აკაკი დევაძე იყო, რომელიც ნაკრებში 1992 წლიდან თამაშობდა, მერე პაუზა ჰქონდა და გუნდში 2004 წელს დაუბრუნდა. მაგრამ სტაბილურად 13 წელი ნაკრებში ლორიას გარდა არც ერთ სხვა მეკარეს არ უთამაშია.
ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გიორგი ლორიამ, კვიპროსის ჩემპიონატში, თასზე და ევროპსარბიელზე სულ 90 მატჩი ჩაატარა.