გიორგი ლომიძე - საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ბიზნესის დაწყების მსურველებს „სტარტაპ საქართველო“, ინვესტიციის გარდა, უფასო კონსულტაციით დაეხმარება
გიორგი ლომიძე - საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ბიზნესის დაწყების მსურველებს „სტარტაპ საქართველო“, ინვესტიციის გარდა, უფასო კონსულტაციით დაეხმარება

„სტარტაპ საქართველოსა“ და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ინოვაციური ბიზნესების წახალისებას ისახავს მიზნად, ბენეფიციარები გრანტსა და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, უფასო კონსულტაციებსაც მიიღებენ. „სტარტაპ საქართველო“ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველებს ბიზნესიდეის ბიზნესგეგმად გადაქცევაში უფასო კონსულტაციებს ყოველდღე გაუწევს. ამის შესახებ „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა, გიორგი ლომიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში დღეს განაცხადა.

გადაცემაში „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილის, „სტარტაპ საქართველოსა“ და USAID Zrda-ს ერთობლივი პროექტი „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ განიხილეს, რომელიც გასული თვის ბოლოს გახდა ცნობილი. ამერიკული მხარე პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით 500 000 დოლარს გამოყოფს, რომელსაც „სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციური კომპონენტის ფარგლებში გამარჯვებული ის პროექტები მიიღებენ, რომელთაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 106 სოფელში არსებული ბიზნესის მკვეთრად განახლება ან ახალი ინოვაციური ბიზნესის დაწყება სურთ. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.

გადაცემის წამყვანები დაინტერესდნენ, ვის და როგორ შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება და რა სარგებელს მიიღებენ გამარჯვებულები. გიორგი ლომიძის განმარტებით, USAID-თან ერთად დაწყებულ პროექტში მონაწილეობის მიღება ძალიან მარტივია, სარგებელი კი დიდი, რადგან პოტენციური ბიზნესიდეის მთლიანი ბიუჯეტის 10 პროცენტის მობილიზების შემთხვევაში, ბენეფიციარს დანარჩენ 90 პროცენტს „სტარტაპ საქართველო“ დაუმატებს, ამერიკული მხარე კი მოპოვებულ ინვესტიციას გრანტით გააორმაგებს.

„USAID-თან ერთად, ჩვენი პროგრამის ახალი მიმართულება გულისხმობს იმას, რომ ჩვენ საინვესტიციო შესაძლებლობებს USAID-ის გრანტის სახით მიღებული ინვესტიცია დაემატა. ეს ნიშნავს, რომ პირობით საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში [ოფიციალური სიის მიხედვით ასეთი 106 სოფელია] მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა, „სტარტაპ საქართველოს“ინოვაციური კომპონენტის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვოს. ეს გულისხმობს ახალი საწარმოების, ე.წ. სტარტაპების გახსნას. ამ პროექტის ფარგლებში გამარჯვებულ ბენეფიციარებს USAID-ი საშუალებას აძლევს, მოპოვებული თანხა გრანტის საშუალებით გააორმაგონ. რაც ძალიან კარგი წინაპირობაა, რომ ისეთ რეგიონებში, როგორიც საოკუპაციო ზოლის ირგვლივ გვაქვს, მეტი ახალი ბიზნესი გაჩნდეს და დაიწყოს გაცილებით ხელმისაწვდომი თანხებით. ამის შესაძლებლობას „სტარტაპ საქართველო“ ისედაც აძლევდა, მაგრამ როდესაც გრანტი ერთვება საქმეში, საინვესტიციო შეთავაზება გაცილებით მიმზიდველია“, – განაცხადა გიორგი ლომიძემ.

მისი განმარტებით, თუ მაგალითად ინოვაციური იდეის ავტორი 100 000 ლარის დაფინანსებას მოიპოვებს, ამერიკული მხარე გრანტის სახით ერთ ამდენს კიდევ დაუმატებს.

„თუ მეწარმეს დაწყებული აქვს ბიზნესი, რომელიც ექვს თვეზე მეტის არ უნდა იყოს, ან მხოლოდ იდეა აქვს და ამ მიმართულებით მუშაობის დაწყება სურს და აქვს ამ იდეის ჯამური ბიუჯეტის 10 პროცენტი ფულადი სახით, მაგალითად 1000 ლარი, „სტარტაპ საქართველო“ შესაძლებლობას აძლევს, 9 000 ლარი დაუფინანსოს, ანუ 10-პროცენტიანი თანამონაწილეობის საპირწონედ, ჩვენ ვაფინანსებთ ჯამური ბიუჯეტის 90 პროცენტს. ათასი ლარის მობილიზების შემთხვევაში, იქმნება 10 000-ლარიანი ბიზნესი. ჩვენი დაფინანსების ქვედა ზღვარი 15 000 ლარია, ზედა ზღვარი – 100 000 ლარი. ანუ 100 000 ლარის მოპოვების შემთხვევაში, საჭიროა მხოლოდ ინოვაციური იდეის ქონა და 10 000-ლარიანი თანამონაწილეობა. თუ ეს კმაყოფილდება, ამის მერე თუ ბიზნესი საოკუპაციო ხაზთან ახლოს 106 სოფელში კეთდება, ჯამურად 100 000 ლარის მოპოვების შემთხვევაში, USAID-ი ერთ 100 000 დაუმატებს გრანტის სახით“, – განაცხადა გიორგი ლომიძემ.

„სტარტაპ საქართველოს“ დირექტორის ინფორმაციით, მუშაობა უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა და განცხადებების მიღება დაიწყო. ძალიან მალე მიღებულ იდეებს რვა კაცისაგან დაკომპლექტებული საინვესტიციო კომიტეტი შეაფასებს და გამარჯვებული პროექტები დაფინანსებას მიიღებენ. რაც შეეხება შერჩევის კრიტერიუმებს, კრიტერიუმი ოთხია, თუმცა წამყვანი ინოვაციურობა იქნება.

„პროგრამაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. პირველ რიგში, ნებისმიერი ბიზნესი შეგვიძლია, დავაფინანსოთ, რაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის შეზღუდული. ამ შემთხვევაში შესაძლებლობას ვაძლევთ მოსახლეობას, არსებული ბიზნესების მკვეთრად გაუმჯობესებული ვარიანტებიც ინოვაციურ პროექტებად ჩავთვალოთ. მთავარი ოთხი ძირითადი კრიტერიუმია, მათ შორის წამყვანია ინოვაციურობა. მეორე კრიტერიუმია კომერციალიზაცია, ანუ იდეას რამდენად აქვს გაყიდვის შესაძლებლობა, რომ გახდეს წარმატებული ბიზნესი; მესამეა გუნდის ხარისხი, ანუ იდეის ავტორები არიან თუ არა მზად, ეს იდეა წარმატებულ ბიზნესად აქციონ; მეოთხეა სოციალური ასპექტი. ეს ერთ-ერთი წამყვანია, თუ რამდენად უწყობს ეს ხელს ეკონომიკას, სოციალური ფონის გაუმჯობესებას, დასაქმებას. ამას აფასებს საინვესტიციო კომიტეტი, რომლიც შედგება რვა ადამიანისაგან და მათ შორის არიან დარგის მოწვეული სპეციალისტები და კომპეტენტური ადამიანები“, – განმარტა გიორგი ლომიძემ.

მისი თქმით, როდესაც პროექტი „სტარტაპ-საქრთველოს“ შესარჩევ ფილტრს გაივლის, მას შესაძლებლობა ეძლევა, ამერიკელი პარტნიორის გრანტიც მიიღოს, რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. რაც შეეხება განცხადებების მიღებას, „სტარტაპ საქართველო“ მსურველებს ბიზნესიდეის ბიზნესგეგმად გარდაქმნაშიც დაეხმარება.

„ანუ ჩვენ შეგვიძლია კონსულტაციები ყოველდღიურად სამუშაო საათებშიც გავწიოთ, რომ ამაში მათ რესურსები დაზოგონ და ჩვენ გავაკეთოთ ის საქმე, რაც შეიძლება [იდეის ავტორების] სფერო არ იყოს და ერთობლივად შევკრათ საინვესტიციო პროექტი“, – განუცხადა გიორგი ლომიძემ „ბიზნესპარტნიორს“.