გიორგი ლომია - საქართველო ნატო-ს წევრი ვერ გახდება სოხუმისა და ცხინვალის გარეშე
გიორგი ლომია - საქართველო ნატო-ს წევრი ვერ გახდება სოხუმისა და ცხინვალის გარეშე

საქართველო ნატო-ს წევრი ვერ გახდება სოხუმისა და ცხინვალის გარეშე, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გიორგი ლომიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უკვე 30 წელია სურს, გახდეს ალიანსის წევრი, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ვერ მიაღწია.

„ბოლო დღეებში განვითარებულ დისკუსიებში მონაწილეობას ვიღებდით ჩვენ და პოლიტიკური სპექტრი და განიხილებოდა საკითხი მე-5 მუხლის გვერდზე გაწევით, გავერთიანდეთ ნატო-ში სოხუმისა და ცხინვალის გარეშე, თუ როგორ მიიღებდა ქართველი ხალხი ამ იდეას. ბუნებრივია, ძალიან უარყოფითად იყო აღქმული საზოგადოების მხრიდან ეს იდეა და ჩვენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას ეს ვაცნობეთ. თუმცა ეს ნატო-ს ოფიციალური პოზიცია არ იყო. ნატო-ს ოფიციალური პოზიცია დღეს მოვისმინეთ, სადაც ითქვა, რომ გამორიცხულია. საქართველო ნატო-ს წევრი ვერ გახდება სოხუმისა და ცხინვალის გარეშე, ვიდრე ეს ტერიტორიები ოკუპირებული იქნება, ალიანსის წევრი ვერ გახდება. ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ და კიდევ ვთქვით, რომ იმ მოდელზეც ალბათ დათანხმდებოდა ადამიანი, თუ ეს მოხდებოდა ორ-სამ თვეში და არა 10 ან 20 წელიწადში. ანუ ისევ დროში არ გაიწელებოდა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ამ შემოთავაზებაზე არ უსაუბრია. პასუხი არ გაუცია. ეს არ ყოფილა ნატო-ს ოფიციალური პოზიცია. ეს იყო უბრალოდ შემოგდებული საკენკი, რის გარშემოც დისკუსია მოხდა. ვფიქრობ, ამ თემაზე ნაადრევი დისკუსია მოხდა. ამ თემაზე პოლიტიკურ „ისტებლიშმენტს“ არც უნდა გვესაუბრა“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.