გიორგი ლომია - რა მორალური უფლება აქვთ „ნაცმოძრაობასა“ ან „ევროპულ საქართველოს“, ვიღაცის გადადგომას რომ ითხოვენ, რომელი ერთი გადადექით 2011 წელს, 2007 წელს, თუნდაც 2005 წელს
გიორგი ლომია - რა მორალური უფლება აქვთ „ნაცმოძრაობასა“ ან „ევროპულ საქართველოს“, ვიღაცის გადადგომას რომ ითხოვენ, რომელი ერთი გადადექით 2011 წელს, 2007 წელს, თუნდაც 2005 წელს

20-მა ივნისმა ნათლად გვიჩვენა, რომ რევანშისტული ძალები საქართველოში ორიენტირებული არიან მხოლოდ არეულობასა და დესტაბილიზაციაზე, – ამის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გიორგი ლომიამ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან განვითარებული მოვლენები კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული პროვოკაცია იყო, რომლის შედეგადაც მართლა იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება.

„20-მა ივნისმა ნათლად გვიჩვენა, რომ რევანშისტული ძალები საქართველოში ორიენტირებული არიან მხოლოდ არეულობასა და დესტაბილიზაციაზე. არ მესმის, რა მორალური უფლება აქვთ საერთოდ „ნაციონალურ მოძრაობასა“ ან „ევროპულ საქართველოს“, ვიღაცის გადადგომას რომ ითხოვენ. რომელი ერთი გადადექით 2011 წელს, 2007 წელს, თუნდაც 2005 წელს, როდესაც ეკლესიაში შევარდა სპეცრაზმი, რომელმა ერთმა გააკეთეთ განცხადება, რომ არაპროპორციული ძალები იყო გამოყენებული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დღეს რომ ლაპარაკობთ ვიღაცის გადადგომაზე, რა უფლება გაქვთ საერთოდ. ეს რომ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული პროვოკაცია იყო, რომლის შედეგადაც მართლა იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება, ჩანს, რომ ამ პროვოკაციაში ჩართული იყო უცხო ქვეყნის ხალხი. ანუ ეს არ მომხდარა სპონტანურად, ეს იყო კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული პროვოკაცია, რომლის გამოძიებას ვითხოვთ ჩვენ“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

ამასთან, გიორგი ლომიამ მოუწოდა დეპუტატებს, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ პარლამენტში შეტანილ დადგენილების პროექტს – „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ მხარი დაუჭირონ.

„პატრიოტთა ალიანსი“ ითხოვს, დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა. კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, პოლიტიკურად დავამთავროთ დისტრუქციული და ქვეყანაში არეულობის მომწყობი კრიმინალური ორგანიზაცია. ძალიან გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ დადგენილების პროექტს“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.