გიორგი ლომია - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევრონაცებს“ არ ესმით, რომ ბოლო დღეებში მათი განცხადებები საქართველოში ვითარებას უფრო ძაბავს
გიორგი ლომია - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევრონაცებს“ არ ესმით, რომ ბოლო დღეებში მათი განცხადებები საქართველოში ვითარებას უფრო ძაბავს

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევრონაცებს“ არ ესმით, რომ ბოლო დღეებში მათი განცხადებები კიდევ ერთხელ ძაბავს ისედაც დაძაბულ ვითარებას საქართველოში, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გიორგი ლომიამ სპორტის სასახლეში შეკრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სპორტის სასახლეში შეკრება ბევრად უფრო ადრე იყო დაგეგმილი.

„დღევანდელი შეკრების მიზეზში ისევ ის საკითხები დგას დღის წესრიგში, რაც იდგა ზუგდიდის აქციაზე, თავისუფლების მოედანზე. ეს მოთხოვნებია საქართველო „ნაცმოძრაობის“, „ევრონაცებისა“ და „ოცნების“ გარეშე. საქართველო ქართველ ხალხთან ერთად და არა პროვოკატორებთან, იმ ძალასთან ერთად, რომელმაც მოაწყო არაერთი პროვოკაცია საქართველოში, ომამდე მიგვიყვანა და დღესაც ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ეს აქცია დაგეგმილი იყო ბევრად ადრე, სანამ პარლამენტთან გაიმართებოდა აქცია, უბრალოდ დღის წესრიგში კიდევ ერთი საკითხი დაემატა. ჩვენ ვხვდებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ბუნებრივია, ყველა მოგვიწოდებს მშვიდობისკენ. იმედი მაქვს, ანალოგიურად ესაუბრებიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევრონაცებსაც“, მაგრამ ეტყობა, მათ არ ესმით, რადგან ბოლო დღეებში მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ ძაბავს ისედაც დაძაბულ ვითარებას საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.