გიორგი ლომია - არანაირი მავნებლობა აქციაში არ ყოფილა, ეს არ იყო ანტიამერიკული, ეს იყო კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მიმართული აქცია
გიორგი ლომია - არანაირი მავნებლობა აქციაში არ ყოფილა, ეს არ იყო ანტიამერიკული, ეს იყო კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მიმართული აქცია

არანაირი მავნებლობა აქციაში არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, ეს არ იყო აქცია ამერიკის და ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებას აშშ-ის საელჩოსთან გამართული აქციის შესახებ.

გიორგი ლომიას თქმით, დღეს საქართველოში ანტიამერიკული განწყობები მომრავლებულია, საპროტესტო აქცია კი, სწორედ ამ განწყობების წინააღმდეგ იყო მიმართული.

„მე არ ვიცი ახლა ბატონი გია ვოლსკის მხრიდან რატომ კეთდება მსგავსი განცხადებები. ვფიქრობ, რომ გაუაზრებლად აქვს ნათქვამი, ვინაიდან არანაირი მავნებლობა იმ აქციაში არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ეს არ იყო აქცია ამერიკის და ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ. ეს იყო აქცია ამერიკის საელჩოსთან, რათა ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ამერიკელ ხალხს, რომ ჩვენ ვართ მეგობრები, რომ ამერიკა იყო, არის და იქნება ჩვენი პარტნიორი, მაგრამ ამერიკის ზოგიერთი მოქალაქე სერიოზულად არცხვენს და უგდებს ამერიკას ავტორიტეტს საქართველოში.

საქართველოში ვითარდებოდა და დღესაც ვითარდება ანტიამერიკული განწყობა. მიხეილ სააკაშვილი ძალიან დიდ როლს თამაშობდა ანტიამერიკულ განწყობებში იმიტომ, რომ რასაც სჩადიოდა საქართველოში ყველაფერს ეძახდა პროამერიკულს და ხალხს რაც არ მოსწონდა – ბიზნესის წართმევები, 300 000 პრობაციონერი, ყველაფერი იყო ამერიკის სახელით გაკეთებული. ამიტომ ბუნებრივია, რომ ანტიამერიკული განწყობები იყო ხალხში მაშინაც და დღესაც. ჩვენ ზუსტად ამიტომ ვაწყობთ ამ აქციებს ამერიკის საელჩოსთან და ვამბობთ, რომ ანტიამერიკული განწყობები რაც არის დღეს საქართველოში, აი ამ ხალხის დამსახურებაა, კრემერების, ბრაიზების, სააკაშვილების, ბოკერიების. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ ვართ მეგობრები. ამიტომ ეს არ იყო ანტიამერიკული, ეს იყო იმ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მართული აქცია. ამერიკას უნდა დაენახა კიდევ ერთხელ, რომ ქართველი ხალხი არის ამერიკელებთან და ამერიკელები უნდა იყვნენ ქართველ ხალხთან და არა ისეთ ადამიანებთან, როგორებიც არიან ანტიქართველები სააკაშვილი, ბოკერია და ანტიამერიკელები კრამერი და ბრაიზა“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

ამასთან, გიორგი ლომიას თქმით, კულუარული ხმები, თითქოს „პატრიოტთა ალიანსი“ არის მმართველი პარტიის სატელიტი, არ შეესაბამება სიმართლეს.

„კულუარული ხმები დადის, თითქოს ჩვენ ვართ ოცნების სატელიტი პარტია და ა.შ. ზუსტად ბატონი გია ვოლსკის სიტყვები ადასტურებს იმას, რომ ჩვენ არ ვართ სატელიტი პარტია. როდესაც ახლა ის გამოდის და ამბობს, რომ მავნებლური იყო ჩვენი გუშინდელი აქცია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ არ ვართ სატელიტი პარტია და არავის მითითებას არ ვასრულებთ. ჩვენი ამოცანა არის ამ ხელისუფლების სახლში გაშვება და ვერ იქნება სატელიტი პარტია ის, რომელიც ფიქრობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელისუფლება სახლში გაუშვას“, – განაცხადა ლომიამ.

გია ვოლსკიმ აშშ-ის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ გუშინდელ აქციას მავნებლური უწოდა. როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე იყო მცდელობა, აშშ გაიგივებული იყოს „უკმეხ საქციელთან ქართველების და საქართველოს მიმართ“.