გიორგი ლილუაშვილი დებატებში სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძეს იწვევს
გიორგი ლილუაშვილი დებატებში სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძეს იწვევს

პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას, დებატებში სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე გამოიწვია.

„აგერ, გადაცემაში ბატონი დავით უსუფაშვილი ჩაერთო და თქვა, რომ დებატებში მონაწილეობის სურვილი მასაც ჰქონია და შემიძლია, შევთავაზო, რომ დებატებზე ამ კანდიდატებთან ერთად ისიც მოვიდეს, რადგან ბატონი დავითი, თავის დროზე, პარლამენტის თავმჯდომარე იყო და დღეს რაც ხდება და რა კანონებიც არის, მისი მიღებულია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად სწორად ესმით პრეზიდენტობის კანდიდატებს ის, თუ რა აწუხებს საქართველოს მოსახლეობას და რამდენად მართებულია ისეთი დაპირებების გაცემა, რომლის შესრულებასაც გაპრეზიდენტების შემთხვევაში ვერ შეძლებენ, გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, რომ პირადად მისი დაპირებები რეალურია.

„ჩემი დაპირებებია – სამართლის დადგენა, ღირსების აღდგენა, განათლებული საზოგადოება და ძლიერი საშუალო ფენა. მოსახლეობას დაპირებებს ვაძლევთ, მაგრამ მათთან საუბრის საშუალება არ გვაქვს. შეხვედრები, რომელსაც ყოველდღიურად ვატარებთ, მოსახლეობის მხოლოდ პატარა ჯგუფს მოიცავს და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ამომრჩევლებს ჩვენი დაპირებების შესახებ ავუხსნათ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ პირველი არხი კანდიდატებს ამის საშუალებას აძლევს, „მოამბეში“ კიდევ 10-10 წუთს დაუთმობს, დებატების საშუალებასაც მისცემს და 12, 19 და 26 ოქტომბერს მათ საშუალება ექნებათ, პირადად მის გადაცემაში საათისა და ოცდახუთი წუთის განმავლობაში, პირდაპირი ეთერი ჰქონდეთ, რაზეც პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ეს საკმარისი არ არის.

„მეცნიერ-მუშაკების 30 წლის განმავლობაში ნამუშევარი მოსახლეობას ნახევარ საათში როგორ გავაცნო და ავუხსნა?! პროგრამებთან და დაპირებებთან დაკავშირებით, სასაუბრო ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ნაკლები საეთერო დროა გამოყოფილი“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში ისე მონაწილეობს, თავმჯდომარეც კი არ ჰყავს და საინტერესოა, ეს პარტია როგორ არის რეგისტრირებული, ან მასთან ერთად „ევროპული საქართველო“ პარლამენტში როგორ ზის, რადგან საკანონმდებლო ორგანოში ისინი კოალიციით შევიდნენ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც თავმჯდომარის გარეშე მიიღო მონაწილეობა. ანუ, საქმე ეხება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აშკარა კანონდარღვევას“, – განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.