გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, დელეგაციასთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

შეხვედრის დაწყებისას, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ლუკაშენკოს განსაკუთრებულ წვლილს და ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაში, მისი 2015 წლის ვიზიტის მნიშვნელობას  გაუსვა ხაზი. პრემიერმა აღნიშნა, რომ გასული სამი წლის განმავლობაში,  სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი.

ასევე, მთავრობის მეთაურმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და  ბელარუსი მეხანძრეებისა და მფრინავების პროფესიონალიზმი აღნიშნა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილ შეთანხმებებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ, რაც ვიზიტის ფარგლებში დოკუმენტურად გაფორმდა.

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელმოწერილ დოკუმენტებს ისტორიული უწოდა და განსაკუთრებით აღნიშნა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა. მისი განცხადებით, ბელარუსი არა მხოლოდ მზად არის, საქართველოსთან ერთად შექმნას ერთობლივი საწარმოები, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას შეასწავლოს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

პრეზიდენტმა ლუკაშენკომ  მზადყოფნა გამოთქვა, ბელარუსმა ყოველთვის დაუჭიროს მხარი საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს იქ, სადაც მათ დასჭირდებათ.

მხარეებმა საუბრისას ასევე აღნიშნეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდი მონაცემები და იმედი გამოთქვეს, რომ არსებული პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება და წარმატებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ალექსანდ ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს გუშინ ეწვია.