გიორგი კვირიკაშვილი - დღეს ყველა დალხენილი არ არის, თუმცა სწორ გზაზე ვდგავართ, რომლითაც შესაძლებელია, საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ სიღარიბეს თავი დააღწიოს
გიორგი კვირიკაშვილი - დღეს ყველა დალხენილი არ არის, თუმცა სწორ გზაზე ვდგავართ, რომლითაც შესაძლებელია, საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ სიღარიბეს თავი დააღწიოს

საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს, ამას კიდევ არა ერთი წელი დასჭირდება და ეს სიმართლეა, თუმცა ტენდენცია, რომელიც გვაქვს აღებული, არის რეცეპტი და გზა სიღარიბის დაძლევისა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც  2018 წლის მიმდინარე პერიოდში ეკონომიკური ზრდაზე ისაუბრა და კონკრეტული ეკონომიკური მაჩვენებლები ციფრებში მიმოიხილა.

ამასთან, პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობამდე ინფორმაციის სწორად მიტანა, რომ ეს მხოლოდ ციფრები არ არის.

„ეს არის კონკრეტულ ადამიანებსა და კონკრეტულ კომპანიებზე ასახული პოზიტიური ტენდენციები. რა თქმა უნდა, საქართველოში დღეს ყველა დალხენილი არ არის. მე როდესაც ამ ციფრებზე ვსაუბრობ ხოლმე, ყოველთვის ვფიქრობ, თუ რამდენად რთულია იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან უჭირს ამ ციფრების მოსმენა“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ის ფაქტორები განმარტა, რომელიც ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა.

„ჩვენ გამოვიარეთ 2014 წლის უმძიმესი კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო უკრაინაში საომარი მოქმედებებითა და ოკუპაციით. ასევე, სირიაში ძალიან მძიმე კრიზისი, რომელიც რა თქმა უნდა, რეგიონზე აისახა, აისახა ჩვენს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებზე, აისახა დევალვაციაში“, – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა და მან მნიშვნელოვნად გაასწრო ინფლაციის მაჩვენებელს, მაგრამ,  ამავდროულად, ძალიან გაიზარდა დევალვაციის შედეგად დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი, რამაც სერიოზული ნეგატიური გავლენა მოახდინა მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„რომ არა ის ფისკალური, ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ესტონური მოდელის სახით არის ჩვენთან ცნობილი და რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან ჩავრთეთ, თუმცა მანამდე მთელი წელი ვამზადებდით, ვსწავლობდით, მათ შორის სავალუტო ფონდის მნიშვნელოვანი ექსპერტების დახმარებით, ესტონეთის შეცდომებს, ჩავარდნებს, რომელიც იქ განხორციელებულ რეფორმას მოჰყვა და პრინციპში, ყველა შესაძლო ასე ვთქვათ, ხვრელი დაილუქა საკანონმდებლო, სწორი ცვლილებების შედეგად.

ძალიან ბევრი ვიმუშავეთ პარლამენტთან ერთად, მთელი პარლამენტი იყო ჩართული, განსაკუთრებით, ბუნებრივია, ეკონომიკური პროფილის – საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტები“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანამ არა მხოლოდ დაძლია კრიზისის ეფექტი, არამედ მნიშვნელოვან პოზიტიურ ტენდენციაში მოხდა აღნიშნული კრიზისის ტრანსფორმაცია.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს, ამას კიდევ არა ერთი წელი დასჭირდება და ეს სიმართლეა, თუმცა ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, არის რეცეპტი და გზა სიღარიბის დაძლევისა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ძალიან სწორი, საფუძვლიანი იმედი იმისა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ამ გზით ნამდვილად შესაძლებელია, საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სიღარიბეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 6.5%-ს შეადგინა და ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში.