გიორგი კვირიკაშვილი – ახლა გაცილებით ამბიციური ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი და ამბიციური რეფორმების გეგმას აუცილებლად გავაგრძელებთ
მნიშვნელოვანია, რომ მოვემზადოთ იმ მომენტისათვის, როდესაც ევროპაში იქნება მზაობა, რომ გაიხსნას შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.
მისი თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს წარმატების შესახებ ერთხმად აღინიშნა.
„ყველამ აღნიშნა ის, თუ როგორ ვახერხებთ და ვახორციელებთ ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმას და ამასთან, დემოკრატიის კონსოლიდაციას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რაზეც იყო სრული კონსენსუსი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი აღმოჩნდა ინსტრუმენტი საქართველოსთვის, რომელმაც საშუალება მოგვცა, დღემდე მნიშვნელოვანი ნაბიჯები განგვეხორციელებინა, რაც არის ასოცირების ხელშეკრულება, სავაჭრო შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია.
ჩვენ ახლა გვაქვს გაცილებით უფრო ამბიციური შემდეგი ნაბიჯები გადასადგმელი და რა განწყობაც არ უნდა იყოს ევროპასა და სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმას. 2020-ისთვის გვაქვს ძალიან ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმა წარმოდგენილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო წინ წავიწიოთ ევროპისკენ და ჩვენი პარტნიორებისგან არის აბსოლუტური მზადყოფნა, რომ საქართველოს მაქსიმალურად დაეხმარონ ამ პროცესში, რადგან საქართველომ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას.
ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე, რომ მზად ვიყოთ. როდესაც გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის, ამ მომენტისთვის საქართველო უნდა იყოს მზად. ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამ ამოცანას ვახორციელებთ.
დეკლარაციაში მხარდაჭერილია ევროპული მისწრაფებები, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ არის სხვადასხვა ქვეყანა, ყველას აქვს თავისი სისწრაფე, ამბიციები. საქართველოს წარმატებაზე არის სრული თანხვედრა და სრული კონსენსუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მოვემზადოთ იმ მომენტისათვის, როდესაც ევროპაში იქნება მზაობა, რომ გაიხსნას შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში.