გიორგი კვირიკაშვილი - აფგან მუხთარლის შემთხვევა სერიოზული ჩავარდნა იყო
გიორგი კვირიკაშვილი - აფგან მუხთარლის შემთხვევა სერიოზული ჩავარდნა იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აფგან მუხთარლის შემთხვევა სერიოზული ჩავარდნა იყო. ამის შესახებ პრემიერმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს საკითხი გამოძიების პროცესშია. ძალიან მძიმე საკითხია და იმასაც ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ, თუმცა სიმართლე საბოლოოდ ჯერ არ გარკვეულა. თავისთავად ფაქტი არის ძალიან დიდი ჩავარდნა, კიდევ ერთხელ ვამბობ. მე მგონი, რეაგირება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გათავისუფლდნენ როგორც კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსი, იყო აბსოლუტურად ადეკვატური. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი ბრალეულობა ჯერ  არ არის  დადასტურებული, მაგრამ მათ აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაზე“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ შუამდგომლობით მიმართა აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებებს, რათა გაცვლილი იყოს მაქსიმალური ინფორმაცია.

„ჯერჯერობით რა შედეგი დაიდება გამოძიების შედეგად, ვერავინ იწინასწარმეტყველებს. მე არ მაქვს უფლება ამაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. პოლიტიკური კომენტარი მოგახსენეთ, რომ საკმაოდ პრობლემატური საკითხია. არ მგონია, რომ დღეს, როდესაც სახელმწიფომ გააკეთა აბსოლუტურად მკაცრი რეაგირება ამ ინციდენტზე, რაიმე კითხვის ნიშანი იდგას სახელმწიფოს წინაშე. ძალიან გთხოვდით, რომ ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც სახელმწიფო პრობლემას, რადგან ძალიან ცუდი რამ მოხდა, ცუდი ინციდენტი მოხდა, მაგრამ სანამ გამოძიება არ დასრულდება, ჩვენ არ ვიცით, სინამდვილეში რა მოხდა“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.