გიორგი კვესელაძე ტურის საუკეთესოებს შორის - გამოკითხვა „შემოდგომის ერთა თასის“ ვებგვერდზე [ვიდეო]
გიორგი კვესელაძე ტურის საუკეთესოებს შორის - გამოკითხვა „შემოდგომის ერთა თასის“ ვებგვერდზე [ვიდეო]

„შემოდგომის ერთა თასის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის საუკეთესო მორაგბეს არჩევენ და ოთხ კანდიდატს შორის ქართველი შუამარბი გიორგი კვესელაძეც მოხვდა.

აი, რას წერს ტურნირის ვებგვერდი ქართველ მორაგბეზე:

„შესაძლოა საქართველომ დუბლინში პირველი გამარჯვება ვერ მოიპოვა, მაგრამ გიორგი კვესელაძემ „ბორჯღალოსნების“ პირველი ლელო შესანიშნავ სტილში, ინდივიდუალური გარბენის შემდეგ დადო. შუამარბმა ბურთი ცენტრში მიიღო, რამდენიმე ცრუ-პასი გააკეთა, სავარადო მბოჭავები ჩამოიშორა და ლელოს ხაზს მიაღწია. მან თამაშისას 59 მეტრი მოიპოვა და 17 ბოჭვა გააკეთა, რომლებიდანაც ერთ-ერთი ირლანდიელთა რვა ნომერზე, სი-ჯი სთენდერზე იყო, ვისაც კვესელაძემ უკან დაახევინა და აჩვენა, რომ დაცვაშიც შესანიშნავად თამაშობს.“

კვესელაძის კონკურენტები ინგლისის ნაკრების მესამეხაზელი სემ ანდერჰილი, უელსელი ჯონი ვილიამსი და ფრანგი ბრის დულინი არიან. ხმის მიცემა ტურნირის ვებგვერდზე დღის ბოლომდე გაგრძელდება.