გიორგი კვერნაძე - ყველაზე მეტად ბათუმის სტადიონზე თამაშს ველოდები #1TVSPORT
მომავალი სეზონისთვის მზადების პროცესზე და სხვა საინტერესო ამბებზე ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურთან გუნდის ახალწვეულმა გიორგი კვერნაძემ ისაუბრა.
„როდსაც ბათუმის „დინამოსთან“ ტრანსფერი საბოლოოდ დადასტურდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ამ ამბავს დიდი ემოციით შევხვდი, რადგან ბათუმის „დინამო“ ჩემპიონი იყო და დიდი ხანია, ამ გუნდში თამაში მინდოდა.
პირველად ეს ამბავი ოჯახის წევრებს შევატყობინე, ამ ტრანსფერს ისინიც ემოციურად შეხვდნენ. ადაპტაცია სწრაფად გავიარე, რადგან გუნდში ძალიან მაგარი ბიჭები არიან, მათთან კონტაქტში მარტივად შევედი, ყველაფერში მეხმარებოდნენ.
წელს ჩემი და ბათუმის „დინამოს“ მიზანი ჩემპიონობაა. კონფერენსლიგა რომ დაიწყება, გვინდა, რომ მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია – ჩემპიონი არასოდეს გავმხდარვარ და მინდა, ტიტული ბათუმის „დინამოსთან“ ერთად მოვიპოვო.
ყველაზე მეტად ბათუმის სტადიონზე თამაშს ველოდები, რადგან ვიცი, როგორ უყვართ ამ ქალაქში ფეხბურთი და როგორ ქომაგობენ საყვარელ გუნდს“, – ამბობს გიორგი კვერნაძე.
გიორგი კვერნაძე ბათუმის „დინამოში“ წელს გადავიდა. მანამდე „საბურთალოს“ მოთამაშე იყო, გასულ სეზონში კი იჯარით „თელავში“ თამაშობდა.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-ჩემპიონის 19 წლის ახალწვეული ის მეორე ქართველი მოთამაშეა, რომელსაც „ნაპოლის“ სელექციონერები აკვირდებიან.