გიორგი კონდახიშვილი - ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების არავითარი საფუძველი არ არის და არც იქნება
გიორგი კონდახიშვილი - ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების არავითარი საფუძველი არ არის და არც იქნება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე ​მისთვის გამოტანილი განჩინების არაკონსტიტუციურობაზე გაამახვილებენ ყურადღებას.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უზუსტობა გასწორდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთადერთი გზა დაგვრჩება, მოვამზადოთ საკონსტიტუციო სარჩელი და მივმართოთ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ჩემთვის ცნობილია რომ პროკურატურა, როგორც პირველ ისტანციაში, დღესაც უალტერნატივოდ ითხოვს ნიკა მელიასთვის დაპატიმრების ღონისძიების შერჩევას. მიგვაჩნია, რომ არც სამართლებრივი მოცემულობა ამისა და არც ფაქტობრივი გარემოებები ამისთვის არ არსებობს.

რომ არ დაგიმალოთ, არ მაქვს მოლოდინი, რომ ნიკა მელიასთან მიმართებაში დაპატიმრების ღონისძიება იქნება შერჩეული, ვინაიდან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შემდგომ, დღემდე არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ჩაბარებული გვაქვს პასპორტი გენერალურ პროკურატურაში, მზაობა გვაქვს, რომ გადავიხადოთ გირაო, 20 დღე გვაქვს მოცემული. პატიმრობის გამოყენების არავითარი საფუძველი არ არის და არც იქნება“, – განუცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სააპელაციო სასამართლო მხარეების საჩივრებს დღეს განიხილავს. საკითხს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი განიხილავს.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას ორივე მხარე ასაჩივრებს. ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა და პროკურატურამ სააპელაციო საჩივრით სასამართლოს შაბათს მიმართა.

დაცვის მხარე კი ითხოვს, აღკვეთის სახით გირაოსთან ერთად შეფარდებული დამატებითი ვალდებულებებიდან გაუქმდეს ის ორი შეზღუდვა, რომელიც ეხება მელიას მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვებისას საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელის ინფორმირებას და ასევე შეზღუდვას იმის შესახებ, სადაც საუბარია საქმის სავარაუდო მოწმეებთან კონტაქტზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნიკანორ მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.