გიორგი კოხრეიძე - საფრანგეთში გადასვლა წინსვლის შანსია, ახლა ენა დროულად უნდა ვისწავლო #1TVSPORT
გიორგი კოხრეიძე - საფრანგეთში გადასვლა წინსვლის შანსია, ახლა ენა დროულად უნდა ვისწავლო #1TVSPORT

ლიგა 2-ის „გრენობლში“ გადასვლის შემდეგ გიორგი კოხრეიძემ კომენტარი გააკეთა და საფრანგეთში თამაშის პერსპექტივას კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი რომ გავაფორმე. ეს ჩემთვის წინსვლის გაგრძელების შანსია. დავინახე, რომ გუნდს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ლიგა 1-ის გადასასვლელ პლეიოფში ითამაშა. მე ვუყურე გულშემატკივრების ვიდეოებს, ისინი ძალიან ემოციურები არიან. ზოგიერთი სოციალურ ქსელში უკვე დამიკავშირდა“, – განაცხადა კოხრეიძემ.

ფრანგული კლუბი კოხრეიძით ჯერ კიდევ 2019 წელს დაინტერესდა, მაგრამ შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. „საბურთალოს“ თავდამსხმელს დრო გაუცდა და მოედანზე მალე დაბრუნდება. მისი თქმით, ენის შესწავლას დროულად შეეცდება.

„ახლა ჩემი პრიორიტეტი იქნება ფრანგული ენის შესწავლა, რათა გუნდთან ადაპტაცია სწრაფად მოვახერხო. ახლა გუნდს შევუერთდები და თანაგუნდელებთან ერთად, შემდეგი სეზონისთვის მოვემზადები”.

გრენობლი“ 1892 წელს დაარსდა და დასრულებულ სეზონში საფრანგეთის მთავარ ლიგაში, ლიგა 1-ში გადასასვლელ პლეიოფში მონაწილეობდა – „პარიზთან“ 2:0 მოიგო, მაგრამ „ტულუზასთან“ 0:3 დამარცხდა. ამ გუნდში 2018–2019 წლებში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური თამაშობდა.

კოხრეიძის ტრანსფერზე ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკებას „საბურთალოს“ ყოფილი სპორტული მენეჯერი, ლევან სეთურიძე აწარმოებდა, რომლის ჩართულობითაც შარშან „ლევანტეში“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი გადავიდა, ხოლო წელს „ვალენსიაში“ – მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

„საბურთალოს“ აღზრდილმა კოხრეიძემ გუნდის მიერ მოპოვებულ სამივე ტიტულში დიდი წვლილი შეიტანა – ჩემპიონობაში, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასისა და სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მოპოვებაში. გიორგი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. ევროშესარჩევ ციკლში მან თავი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან გასვლით მატჩში გამოიჩინა. კოხრეიძემ 2017 წელს საქართველოში გამართულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.