თბილისის „იბერიის“ ფეხბურთელმა, გიორგი კოხრეიძემ უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ქართული გუნდი ტირანას „პარტიზანთან“ ჩაატარებს.
„ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით ფეხბურთელების უმეტესობას გვითამაშია. სეზონის დასაწყისში კარგ ფორმაში ვიყავით, თუმცა შემდეგ ბევრი თამაში წავაგეთ. ფეხბურთში ჩავარდნა ყველა გუნდს აქვს, თუმცა ჩვენ ეს პერიოდი გაგვიგრძელდა. რაც ლევანი დაბრუნდა, სამი მატჩი მოვიგეთ და კარგ ფორმაში ვართ.
საქართველოს ნაკრებში თამაში? ეს ყველას ოცნებაა და მეც ერთ-ერთი ვარ. ვთვლი, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის უნარი მაქვს, მაგრამ ცხადია, ეს დამოკიდებულია ჩემზეც და ვილი სანიოლზეც.
ამის შემდეგ ეროვნულ ლიგაში მოთამაშეებს უფრო დააკვირდებიან, რაც ქართული ფეხბურთისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან კარგია. ნაკრების წარმატებისგან გამოწვეული მუხტი ჩვენც გადმოგვედო და ვფიქრობ, დროა, საკლუბო დონეზეც დავწეროთ ისტორია. გულშემატკივრების მხარდაჭერა გვექნება, მათ წინასწარ მადლობას ვუხდი და მხოლოდ გამარჯვებას ვპირდები“, – განაცხადა კოხრეიძემ.
კონფერენეს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერიისა“ და „პარტიზანის“ მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე 25 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.