„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ხვედელიანი – სააკაშვილის განცხადება არის პასუხი უკრაინის ელჩის არაკორექტულ ქმედებებზე
ეს არის მიხეილ სააკაშვილის პირადი აზრი. მგონი, ეს ეფუძნება კონკრეტულად მასზე პიროვნულ თავდასხმას და მის წინააღმდეგ ბრძოლას ამ კონკრეტული ელჩის მხრიდან. ეს არის ის განცხადება, რომელიც რაღაც ინფორმაციას ეფუძნება, რომ ელჩი მუშაობას ახორციელებდა მის წინააღმდეგ, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ხვედელიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უკრაინის ელჩის შესახებ.
„მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა ელჩის შესახებ, რომელსაც ბრალს უყენებს მის წინააღმდეგ მუშაობაში, ანუ სააკაშვილს აქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი მის წინააღმდეგ მუშაობდა, გადიოდა იმ ფარგლებიდან, რა ფარგლებშიც უნდა რჩებოდეს დიპლომატი და აქედან გამომდინარე, მან გააკეთა თავისი კომენტარი, შესაძლოა არაკორექტული, მაგრამ ეს არის ასევე პასუხი არაკორექტულ ქმედებებზე ელჩის მხრიდან“, – განაცხადა ხვედელიანმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებულს უწოდებს.