გიორგი ხვედელიანი - პატივი ვეცით მდგომარეობას, შევედით მოლაპარაკებებში და ვთხოვთ, რაღაც ნაბიჯი გადმოდგან, თუ ამ ნაბიჯს გადმოდგამენ, მზად ვართ, მოლაპარაკებები შემდგარად გამოვაცხადოთ
ოპოზიციას აქვს პროტესტის განცდა პირველ რიგში იმის გამო, რომ არჩევნების ფალსიფიკაცია მოხდა და მეორე მხრივ, არის რეალობა ისეთი, რომ თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში, ამას უნდა ჰქონდეს გარკვეული აზრი, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ხვედელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება არავის მოსწონს.
„ნორმალურ ადამიანს, რატომ უნდა მოსწონდეს ქვეყანაში, რომელსაც გულშემატკივრობს და მისი წარმატება უნდა, ერთპარტიული პარლამენტი, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ჩიხი და კრიზისი შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ჩიხისგან გამოსასვლელად „ქართული ოცნების“ ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც მოუწოდებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ პასუხიმგებლობა აიღოს, აიღოს ეს პასუხისმგებლობა. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ადამიანი, პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც გლდანში მონაწილეობდა არჩევნებში, მოიგო და ჩაუწერეს, რომ წააგო, წინა დღეს გადაუწვეს ოფისი, იარაღი ესროლეს და არჩევნების მერე უკანონოდ დააპატიმრეს. ამ პირობებში ნებისმიერ შემთხვევაში პატივი ვეცით მდგომარეობას, კონტექსტი გავითვალისწინეთ, შევედით მოლაპარაკებებში და ვთხოვთ, რომ ყველაფრის მიუხედავად რაღაც ნაბიჯი გადმოდგან და თუ ამ ნაბიჯს გადმოდგამენ, ჩვენ მზად ვართ, რომ მოლაპარაკებები შემდგარად გამოვაცხადოთ“, – განაცხადა ხვედელიანმა.