გიორგი ხოჯევანიშვილი - ულტიმატუმის ენით არ ელაპარაკებიან მეგობრებს, კოლეგებს და მით უფრო, ომში მყოფ მოძმე ერს
„ქართული ოცნება“ ისევ ჯიბრში უდგება ომში მყოფ უკრაინას და პარლამენტის თავმჯდომარე უარს ამბობს ან უარს ათქმევინებენ პირდაპირ მხარდაჭერაზე; ნაცვლად იმისა, რომ ყველა ნაბიჯი იყოს ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგმული, თქვენ ისევ კონფრონტაციის რეჟიმში რჩებით; ულტიმატუმის ენით არ ელაპარაკებიან მეგობრებს, კოლეგებს და მით უფრო ომში მყოფ მოძმე ერს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ხოჯევანიშვილის თქმით, საქართველო ჰუმანიტარული პროცესების და ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით უნდა იყოს ლიდერ სახელმწიფოთა შორის მოძმე ერის გვერდით გამორჩეულად მდგომი ქვეყანა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინის ომი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასაც ეხება.
„უკრაინის ომი ის ომია, რომელიც ჩვენს თავისუფლებასაც ეხება და ეს ის მოცემულობაა, რომელიც სრულყოფილად უნდა გააცნობიეროს დღევანდელმა მმართველმა გუნდმა და სანამ ამას ვერ შეძლებთ იქნებით იმ კინკლაობაში, რომელიც უკვე შეცდომა არაა და რუსული საქმის და მიზნების მსახურებაა.
რეალური ომი საქართველოში არავინ არ უნდა დაუშვას და პროვოკაციები ჩვენს ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია, მაგრამ საქართველო ჰუმანიტარული პროცესების და ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით უნდა იყოს ლიდერ სახელმწიფოთა შორის მოძმე ერის გვერდით გამორჩეულად მდგომი ქვეყანა.
გასაგებია, რომ ამ ყველაფერს აკეთებთ და ამ მეთოდებით იბრძვით ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ომში იბრძვიან ჩვენი ბიჭები და ამიტომ, გინდათ თუ არ გინდათ, იქ ჩვენი მოქალაქეები გვწმენდენ პირს ღირსებაზე და სახელმწიფოებრივ თავმოყვარეობაზე და ამ დროს ომში დაღუპული ბიჭების პანაშვიდზე არ მისვლა და გამიზნულად თავის არიდება ძალიან დიდი სირცხვილია. მოგიწოდებთ სათანადოდ დააფასოთ ეს გმირი ბიჭები“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.