გიორგი ხოჯევანიშვილი - რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების მოადგილეებს თანამდებობების დატოვება მოსთხოვეს ერთადერთი ნიშნით, რომ იყვნენ გახარიას გუნდის თანამოაზრეები
გიორგი ხოჯევანიშვილი - რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების მოადგილეებს თანამდებობების დატოვება მოსთხოვეს ერთადერთი ნიშნით, რომ იყვნენ გახარიას გუნდის თანამოაზრეები

რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების მოადგილეებზე მოხდა ზეწოლა, თანამდებობების დატოვება მოსთხოვეს ერთადერთი ნიშნით, რომ იყვნენ გახარიას გუნდის თანამოაზრეები, – განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

„დღეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების მოადგილეებზე მოხდა ზეწოლა. ზეწოლა ხდებოდა ერთადერთი მიზეზის გამო. ამ ადამიანებს გახარიას გუნდის თანამოაზრეობის ნიშნით მოსთხოვეს თანამდებობების დატოვება. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რომელსაც ერთ დროს თვითონ „ქართული ოცნება“ ებრძოდა. დღეს კი, ფაქტობრივად, პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არ დამთავრდება მმართველი გუნდისთვის სასიკეთო შედეგით“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, ყველამ დღეს რატომ დაწერა განცხადებები, ხოჯევანიშვილმა აღნიშნა: „ეს იყო ორკესტრირებული მოწოდება, ზეწოლა ცენტრალური პარტიისა და მთავრობის მხრიდან იმ ადამიანებზე, რომლებმაც ზოგიერთ შემთხვევაში განცხადება თვითონ დაწერეს, ზოგიერთ შემთხვევაში, მოხდა მათი გათავისუფლება მერის ბრძანებით. უშუალოდ მერების მხრიდან იყო ამ ადამიანებზე ზეწოლა“.

გიორგი ხოჯევანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ წინასწარ არ ყოფილა ამის თაობაზე ინფორმირებული.

„მათზე როდესაც მოხდა ზეწოლა, განემარტათ ჩემთან ნაცნობობა და თანამოაზრეობა ერთადერთ არგუმენტად, მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ჩემთვის ეს ცნობილი“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ხოჯევანიშვილი ამ ეტაპზე არ აკეთებს კომენტარს, იქნებიან თუ არა მომავალ არჩევნებში მერების ​ყოფილი მოადგილეები გახარიას პარტიის მერობის კანდიდატები.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ადგილზე ძალიან კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ თავიანთ მუნიციპალიტეტებს. იყვნენ გამორჩეული პროფესიონალიზმით, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკური ნიშნით ხდება მათი გათავისუფლება, რაც ძალიან სამწუხარო, არასწორი და არაჯანსაღი პროცესია. რაც შეეხება კანდიდატობას, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ჩვენ მომავალში ყველასთვის საჯაროს გავხდით კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაციას“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ხოჯევანიშვილის შეფასებით, „ეს „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისია“ და შესაძლებელია, მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგოს.