გიორგი ხოჯევანიშვილი - მივმართავ „ქართულ ოცნებას“, აცნობიერებთ თუ არა, რომ ახალი რეალობაა შექმნილი
ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ხოჯევანიშვილის შეფასებით, 2022 წლის ბოლომდე რეალური რეფორმები და ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა ევროპამ დაინახოს, რომ საქართველოში კომპრომისის კონტურები გამოიკვეთა.
„მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“, საინტერესოა ხვდებით და აცნობიერებთ თუ არა, რომ ამ შენობის გარეთ და საზოგადოებაში ახალი რეალობაა შექმნილი და სხვა მოლოდინებია გაჩენილი. მაგრამ გუშინდელი თუ დღეს სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციები, რომ აქციაზე მისულ ყველა ადამიანს „ნაცს“ ეძახით, ეს დიდი შეცდომაა და კიდევ უფრო ღრმა უფსკრულს აჩენთ ხალხში. გავიწყდებათ, რომ პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღვივებთ ამ დამოკიდებულებებით და შესაბამისად, კიდევ ერთხელ უგულებელყოფთ ევროკომისიის დასკვნის პირველ პუნქტს – პოლარიზაციის შემცირების მოწოდებას. 2022 წლის ბოლომდე ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, არა ფასადური, არამედ რეალური რეფორმებია დასაწყები. გუშინ ჩვენმა გუნდმა სრულ პოლიტიკურ სპექტრს შევთავაზეთ რეფორმების ჩამონათვალი და კონკრეტული გეგმა. შემხვედრი სურვილის შემთხვევაში ბუნებრივია, ეს არის ის დოკუმენტი, რომლის კორექტირებაზეც შესაძლებელია მუშაობა, მაგრამ ამისთვის, რომ ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა, პირველ რიგში თქვენგან საჭიროა შეცდომების აღიარება, ამის გარეშე უბრალოდ არაფერი გამოვა. აუცილებელია, ევროპას დავანახოთ, რომ შესაძლოა, კომპრომისის კონტურები გამოიკვეთოს ჩვენს ქვეყანაში და ამით საქართველოს შევუნარჩუნოთ ევროპული პერსპექტივა და მომავალი“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.