გიორგი ხატიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პლენარულ სხდომაზე მხარდაჭერილი იქნება
გიორგი ხატიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პლენარულ სხდომაზე მხარდაჭერილი იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ხატიძის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით მხარდაჭერილი პლენარულ სხდომაზე იქნება.

პირველ არხთან საუბარში გიორგი ხატიძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა.

დეპუტატის თქმით, დარგობრივი კომიტეტი საკუთარი გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალია და ის პოზიცია დააფიქსირა, რაც საჭიროდ ჩათვალა.

„აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი საკანონმდებლო პაკეტი არის წარმოდგენილი, რომელიც მთლიანობაში ხელს საქართველოში ძალიან მაღალი სტანდარტების საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბებას შეუწყობს. საჭიროა, ძალიან კარგი საკანონმდებლო ჩარჩო და წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ ამ სულისკვეთებით მომზადდა. აღნიშნული ცვლილებები მეორე მოსმენით გატანილი და განხილული პლენარულ სხდომაზე იქნება, სადაც ჩემი მოსაზრებით, საკანონმდებლო პაკეტი მხარდაჭერილი იქნება“, – აღნიშნა ხატიძემ.

გიორგი ხატიძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ცვლილებების მუხლობრივი განხილვისას ერთ-ერთ ინიციატივაზეც ისაუბრა. კერძოდ, ხატიძის განმარტებით, სტარტაპებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პაკეტში დამატება შევა.

„ინიციატორებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ სტარტაპების დაფინანსებასთან დაკავშირებით დამატებით ფორმულირება დაგვემატებინა, რომლის მიხედვით, ნებისმიერი სტარტაპის დაფინანსების დროს, გადაწყვეტილება გენერალური დირექტორის წარდგინებით, სამეურვეო საბჭომ უნდა მიიღოს. ეს უფრო მეტად იმ საკითხს აბალანსებს, რომელიც სტარტაპების დაფინანსებას ეხება. ამ მიდგომით გადაწყვეტილება უფრო კოლეგიალურად, მაღალი სტანდარტით იქნება მიღებული“, – განაცხადა ხატიძემ.

რაც შეეხება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის იმ წევრებს, რომელთაც „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს ხმა წინააღმდეგ მისცენ, ესენი იყვნენ: რომან კაკულია, დავით ჭიჭინაძე, ირაკლი აბუსერიძე, კახა ოქრიაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ბეგაძე, ლევან კობერიძე, ისკო დასენი, რომან გოცირიძე, დავით სონღულაშვილი, თეიმურაზ კოხრეიძე.