გიორგი ხატიძე – ევროდირექტივები ითვალისწინებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლები არიან სპეციფიკური ინსტიტუტები და აუცილებელია, მათთვის გარკვეული გამონაკლისები დაწესდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ხატიძის განცხადებით, ევროდირექტივები ითვალისწინებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლები სპეციფიკური ინსტიტუტები არიან და აუცილებელია, რომ მათთვის გარკვეული გამონაკლისები დაწესდეს. ამის შესახებ გიორგი ხატიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვებთან დაკავშირებით „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას ისაუბრა და შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან რაზმაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„შეხვედრები, რომელიც შედგა და ის აქტივობა, რაც ჩვენ ევროპის მაუწყებელთა კავშირთან და ევროსაბჭოსთან გვქონდა, მიზნად ისახავდა, რომ პარლამენტის წევრები სიღრმისეულად გავცნობოდით იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც ანალოგიურ შემთხვევებში გათვალისწინებულია ევროპის ქვეყნებში. მათ მიერ წარმოდგენილ დასკვნებში, სწორედ შესყიდვების ნაწილში, პირდაპირ ხაზგასმულია და ევროდირექტივებიც ითვალისწინებს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლები არიან სპეციფიკური ინსტიტუტები და აუცილებელია, რომ მათთვის გარკვეული გამონაკლისები დაწესდეს. სწორედ იმ საკითხებზე, რაზეც ვსაუბრობდით და ინტელექტუალურ საკიტხებს ეხება“, – აღნიშნა ხატიძემ.
თავის მხრივ, შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან რაზმაძემ აღნიშნა, რომ წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე ტექსტი შეთანხმდა, რაც გამომსვლელის სიტყვაშიც აღინიშნა.
„მართლაც, ევროდირექტივები ტელევიზიებს განსაკუთრებულ რეჟიმს აძლევს და ეს იქნება კერძო, თუ სახელმწიფო რეგულირებაში შეღავათები შემოდის. ჩვენ მოვამზადეთ ტექსტი, რაზეც შევთანხმდით, თუმცა აღმოჩნდა რამდენიმე სიტყვა, რამაც უფრო დიდი გაუგებრობა გამოიწვია, ვიდრე მნიშვნელოვანი საკითხის დამატება – წარმოების უზრუნველყოფის ჩანაწერს ვგულისხმობ“, – აღნიშნა რაზმაძე.
რაზმაძეს ხატიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხზე მსჯელობა პირველი მოსმენის რეჟიმში მიმდინარეობს და შესაძლებლობა არსებობს, რომ ფორმულირებაზე ჩამოყალიბდნენ.