გიორგი ხარჩილავა - მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ნებით გადალახა ყველა წინააღმდეგობა და ჩაჯდა ციხეში, სადაც ვერ წაართვეს თავისუფლება, ღირსება
გიორგი ხარჩილავა - მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ნებით გადალახა ყველა წინააღმდეგობა და ჩაჯდა ციხეში, სადაც ვერ წაართვეს თავისუფლება, ღირსება

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთარი ნებით გადალახა ყველა წინააღმდეგობა და ჩაჯდა ციხეში, – ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მას ციხეში ვერ შეულახეს თავისუფლება, ვერ წაართვეს ღირსება.

„ჩვენ ისტორიის თანამონაწილენი ვართ. საქართველოს ისტორიის ამ ბრძოლაში, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ყველა თქვენგანს, ყველა თანამემამულეს, თავისუფლებაშენარჩუნებულ ადამიანს მოგმართავთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი ნებით გადალახა ყველა წინააღმდეგობა და ჩაჯდა ციხეში, როგორც ჩვენ, ყველანი ვართ გისოსებში მოქცეული. მას ციხეში ვერ შეულახეს თავისუფლება, ვერ წაართვეს თავისუფლება. მას ციხეში ვერ წაართვეს ღირსება, რადგან ღირსება კვებავს თავისუფლებებს, ღირსება არის თავისუფლების ყველაზე დიდი მოკავშირე და როცა ეს ორი დიდი ღირებულება, დიდებული ღირებულება მან საკუთარ თავში, გულში და გონებაში ატარა, დღეს გულაგი ცდილობს მისი სიცოცხლის ხელყოფას, ყველაზე დიდი ღირებულების ხელყოფას, რაც ადამიანს აქვს.

ამასთან, აქციაზე გიორგი ხარჩილავამ შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილის გზავნილი გააცნო.

„გადმოგცემთ მის გზავნილს. ქართველ თავყრილობას გადმოგცემთ იმ გაუტეხელი ადამიანის სიტყვას: საუკეთესნო ქართველთა შორის და ჩემო საყვარელო უკრაინელებო, უკრაინა უკვე გამარჯვებულია. ეს იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას. მე, როგორც ქართველმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმა და ზელენსკის თანამებრძოლმა, ვიცი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განსაკუთრებით უყვარს საქართველო და არავითარ შემთხვევაში გასაჭირში არ მიატოვებს ქართველ ხალხს უკრაინის გამარჯვების შემდეგ. მთავარია, ჩვენ ვიდგეთ ძლიერად და გავერთიანდეთ, მიუხედავად ყველა განსხვავებისა. მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ეს სამარცხვინო პერიოდი საქართველოსთვის საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას.

ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ კიევში არ ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოვლენათა განვითარებით. მსოფლიო მანქანა ბოლომდე ამუშავდა და გადაწყვიტა პუტინის რეჟიმის განადგურება, მოკავშირეების დასჯა. ამას უკვე წინ ვერაფერი დაუდგება და ჩვენ, ქართველები, ამ მატარებელს წინ კი არ უნდა გადავეღობოთ, როგორც გვაიძულებენ, არამედ თუნდაც ბოლო ვაგონს შევახტეთ, ვინაიდან ეს მატარებელი მიდის ნატო-სა და ევროკავშირში. დღეს წყდება საკითხი, საქართველო აზიაა თუ ევროპა. აზია არის ოლიგარქატი, დესპოტია, გაჭირვება, ევროპა კი არის თავისუფლება, დემოკრატია, სადაც პიროვნება უფრო მაღლა დგას, ვიდრე მთავრობა. საქართველოში რუსეთმა და მისმა დამქაშებმა უკვე დააყენეს აზიის მყრალი სული. ძალადობის, სიცრუის, პიროვნების უპატივისმცემლობის, სიბნელის, გაუნათლებლობის. დროა, საქართველო განიავდეს“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის გზავნილში, რომელიც გიორგი ხარჩილავამ წაიკითხა.