გიორგი ხარაიშვილი - ეს ისტორიული შანსია და იმედია, ბელარუსთან მაყურებლით ვითამაშებთ
გიორგი ხარაიშვილი - ეს ისტორიული შანსია და იმედია, ბელარუსთან მაყურებლით ვითამაშებთ
გიორგი ხარაიშვილმა საქართველოს პირველ არხთან შვედეთის ჩემპიონატი მიმდინარე სეზონში გატანილ პირველ გოლზე ილაპარაკა.
საქართველოს ნაკრებისა და „გიოტებორგის“ შემტევმა ნახევარმცველმა თავი ალსვენსკანის მერვე ტურში „ჰელსინგბორგთან“ შეხვედრის მე-11 წუთზე გამოიჩინა და „გიოტებორგი“ დააწინაურა.
„სეზონში პირველი გოლის გატანა ყოველთვის რთულია. მე ამ მატჩამდე რამდენიმე შანსი მქონდა ვერ გამოვიყენე. საბოლოოდ, ეს მეხუთე თამაშში მოვახერხე. ეს ჩემთვის სასიხარულოა, რადგან გუნდსაც დავეხმარე და პირადად ჩემთვისაც მეტი თავდაჯერებულობისთვის გოლის გატანა მნიშვნელოვანი იყო“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ხარაიშვილი.
საქართველოს ნაკრებისა და „გიოტებორგის“ შემტევმა გოლის შემდეგ გამოაჩინა მაისურა, სადაც გიორგი შაქარაშვილი იყო გამოსახული და ამით 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ხსოვნას პატივი მიაგო.
„რაც შეეხება აღნიშვნას, გიორგი შაქარაშვილს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემი ძმის თანაგუნდელი იყო და შორიდან ვიცნობდი. როდესაც ვარჯიშზე ან თამაშზე დავდიოდი, რა თქმა უნდა, მასაც ვუყურებდი. ახლა რაც მისი ხსოვნისთვის შემეძლო, ის მცირედი გავაკეთე. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მის ოჯახს მივუსამძიმრო“.
გიორგი ხარაიშვილმა ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსთან საქართველოს ნაკრების მოახლოებულ მატჩზეც ილაპარაკა.
„რა თქმა უნდა, ეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული შანსია, ევროპის ჩემპიონატზე რომ მოვხვდეთ. ვფიქრობ, მოგების დიდი შანსი გვაქვს, მით უმეტეს, რომ სახლში ვთამაშობთ. ამ შეხვედრაში მაყურებელს დიდი როლი ექნება და იმედია, მაყურებლით ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავა და ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებს“ – აცხადებს ხარაიშვილი.