გიორგი ხანიშვილი - თუ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის სტაბილურად დაბალი ფასი იქნება, ასეთი კურსის პირობებში, მკვეთრი გაძვირების წინაპირობა არ არსებობს
გიორგი ხანიშვილი - თუ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის სტაბილურად დაბალი ფასი იქნება, ასეთი კურსის პირობებში, მკვეთრი გაძვირების წინაპირობა არ არსებობს

საქართველოში ხორბლის დეფიციტი ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა განაცხადა ხორბლისა და შესაბამისად, პურის ფასის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხისას.

მისი თქმით, საქართველოში ახლახან დასრულდა ადგილობრივი წარმოების ხორბლის აღება.

„ჩვენ ვერ დავიკვეხნით ძალიან დიდი მოცემულობით, ხორბლის რაოდენობით. დაახლოებით 100-120 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს ჩვენი მოსავალი. ეს აკმაყოფილებს ჩვენს სასურსათო ხორბლის მოთხოვნის 10-15  პროცენტს. დანარჩენი იმპორტზე ვართ მთლიანად დამოკიდებული“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საიმპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია.

„ამ შემთხვევაში, ბაზრები დივერსიფიცირებულია, როგორც ყაზახურ, ისე რუსულ ხორბალთან დაკავშირებით, განიხილება უკრაინიდან შემოტანაც. ხორბლის ფასების მდგენელი ქართულ წარმოებასთან დაკავშირებული არ არის. ჩვენ დამოკიდებული ვართ მსოფლიო ფასებზე. მსოფლიო ფასების მიხედვით, მიმდინარე დინამიკა გამორჩეულია იმით, რომ არც თუ ძალიან მაღალი მოსავალია ჩვენს მიმდებარე რეგიონებში, თუმცა საფასო პოლიტიკის თვალსაზრისით, რამე განსაკუთრებული რყევები და განსაკუთრებული ზრდა ჯერ არ შეინიშნება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ რადიკალურ გაძვირებებსა და მსგავს ღონისძიებებს არ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ხანიშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ეკონომიკა მთლიანად დაფუძნებულია იმპორტირებულ პროდუქციაზე, ამიტომ მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები ბუნებრივია, გავლენას მოახდენს ქვეყნის შიგნით არსებულ საფასო პოლიტიკაზე.

„მიმდინარე ეტაპზე, საფასო პოლიტიკაზე არის ძალიან ბევრ კომპონენტიანი მდგენელი, მათ შორის ერთ-ერთი ლარის კურსი. თუკი ხორბლის ფასი შემცირდება მსოფლიო ბაზარზე და სტაბილურად იქნება დაბალი ფასები, როგორც მიმდინარე ეტაპზეა, მაშინ ლარის ასეთი კურსის პირობებში, არ არსებობს წინაპირობა, რომ მკვეთრ გაძვირებას ველოდოთ. თუ მოხდა ისე, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასები მკვეთრად შეიცვალა, მაშინ, თუნდაც ლარის კურსი ბევრად უფრო მყარი იყოს, მოსალოდნელი იქნება მისი გაძვირება“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.