გიორგი კაპანაძე - განხორციელდება თუ არა ცალკეული ვიზიტები არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, ეს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას მაინც ვერ მოახდენს
გიორგი კაპანაძე - განხორციელდება თუ არა ცალკეული ვიზიტები არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, ეს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას მაინც ვერ მოახდენს

განხორციელდება თუ არა ცალკეული ვიზიტები არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, ეს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას მაინც ვერ მოახდენს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

გიორგი კაპანაძე გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის წერილს ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუსადმი. უილსონი ეუთო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ჯო უილსონის ქართველი ხალხის მეგობარია და მისი ეს განცხადება საქართველოს ინტერესებს მიემართება.

„ჯო უილსონი არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის მეგობარი და კონკრეტულად მისი ეს განცხადება მიემართება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, განხორციელდება თუ არა ცალკეული ვიზიტები საქართველოში არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, ეს ვერ მოახდენს არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას. „ქართული ოცნების“, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევაზე, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე, სისტემურ დანაშაულზე, არჩევნების გაყალბებაზე. ქართველმა ხალხმა ყველაფერი იცის, ყველაფერს ხედავს. დღეს ჩვენ საქართველოში არალეგიტიმური „ქართული ოცნება“ გვყავს და აქედან გამომდინარეა დიდი პოლიტიკური კრიზისი, რომლის განმუხტვის ერთადერთი საშუალება არსებობს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და დროებითი ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა“, – განაცხადა კაპანაძემ.