გიორგი კანდელაკი - სალომე ზურაბიშვილმა 50-წუთიანი გამოსვლის ბოლოს სულ ორიოდე წუთი გამონახა, ოკუპაციაზე ელაპარაკა და ისე, რომ არ ეთქვა, რას ვითხოვთ
გიორგი კანდელაკი - სალომე ზურაბიშვილმა 50-წუთიანი გამოსვლის ბოლოს სულ ორიოდე წუთი გამონახა, ოკუპაციაზე ელაპარაკა და ისე, რომ არ ეთქვა, რას ვითხოვთ

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სუსტს უწოდებს. კანდელაკი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა მცირე დრო დაუთმო ოკუპაციაზე საუბარს.

„ჩემთვის, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრისთვის, ძალიან უსიამოვნო იყო საქართველოს პრეზიდენტის სუსტი გამოსვლა. მან 50-წუთიანი გამოსვლის ბოლოს გამონახა დრო, სულ ორიოდე წუთი, რომ ოკუპაციაზე ელაპარაკა, ოღონდ ისე, რომ არ ეთქვა, რას ვითხოვთ.

არ მახსოვს და ისტორიას არ ახსოვს, რომ ამხელა რანგის სტუმრისთვის, სახელმწიფოს მეთაურისთვის პროცედურული შენიშვნა მიეცათ. ბრიტანეთის წარმომადგენელმა პარლამენტისა პროცედურული შენიშვნა მისცა პრეზიდენტს, რომ ასე არ შეიძლება, რომ ერთი საათიდან 50 წუთი აქ არასდროს არავის ულაპარაკია; რომ რაც შეიძლება ცოტა დრო დარჩენილიყო კითხვებისთვის. ესეც სპიკერის სისუსტეზე მეტყველებს და ქვეყნის სირცხვილია.

რაც შეეხება კითხვებს, ის მცირე კითხვები, რაც დაისვა, კრიტიკული იყო, რომლებზეც მან პასუხი ვერ გასცა – რაც შეეხებოდა მაგალითად „ფეისბუქზე“ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული გვერდების წაშლას, რაც შეეხებოდა ოპოზიციონერი დეპუტატების დევნას, ივანიშვილის მიერ მუქარას ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ, რომ ისინი ციხეში წავლენ; რაც შეეხება გავრილოვის ამბებს. მაგრამ, რაც მთავარია და ეს იყო ყველაზე მთავარი, როცა უკრაინის პარლამენტის წევრი ალექსეი გონჩარენკო ეკითხება საქართველოს პრეზიდენტს, უჭერს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მხარს საქართველოს ოკუპაციის გამო რუსეთისთვის დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას და ამ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტის პასუხი დადებითი არ ყოფილა. ისე გამოდის, რომ საქართველოს გამო რუსეთზე სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს. ეს არის უბრალოდ კატასტროფა“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.