გიორგი კანდელაკი – დიდი პატივისცემით ვეპყრობით საერთაშორისო პარტნიორების განცხადებას, მაგრამ არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და ამომრჩევლის განწყობა
თუ ვინმეს გამოსდის „ქართული ოცნების“ მხილება სწორედ პარლამენტში, ეს არის „ევროპული საქართველო“, მაგრამ გაზომვადი მტკიცებულებები ამბობს, რომ გაყალბების მასშტაბი იყო გადამწყვეტი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, გაყალბების მასშტაბი სულ უფრო თვალშისაცემი გახდება, როგორც საზოგადოების შიგნით, ასევე პარტნიორებს შორის.
„ამას მეტყველებს ყველაზე გვიან გამოქვეყნებული საერთაშორისო დოკუმენტი – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა, სადაც ფაქტობრივად დადასტურებულია ყველა ის წუხილი და შეფასება, რაც ოპოზიციას აქვს ოქმების გადასწორებასთან, გაყალბებასთან, დაშინებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დააგვირგვინა ერთპარტიული მეორე ტურის ღამემ. არა ერთი და არა ორი კანდიდატისთვის 100 პროცენტზე მეტი შედეგი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიციურ პარტიებს არ გააჩნიათ მორალური უფლება, მისცენ ლეგიტიმაცია ამ ე.წ. პარლამენტს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ლეგიტიმაცია არ მიეცეს ამ პარლამენტს“, – განაცხადა კანდელაკმა.
რაც შეეხება კითხვას, სართაშორისო პარტნიორები რატომ გირჩევენ პარლამენტიდან ბრძოლას, კანდელაკი ამბობს, რომ „დიდი პატივისცემით ეპყრობიან ამ განცხადებას, თუმცა არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და ამომრჩევლის განწყობა“.
„ჩვენ დიდი პატივისცემით ვეპყრობით ამ კონკრეტულ განცხადებას, მაგრამ ამავე დროს, ჩვენთვის არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისა და ამომრჩევლის განწყობა, დაკვეთა და ჩვენ ხელთ არსებული გაზომვადი მტკიცებულებები. ასევე, ის ფქტი, რომ ყველა საჩივარზე როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისე სასამართლოში, ოპოზიციას და ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეთქვათ უარი. ასე რომ, დიალოგი ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით გაგრძელდება. ახლა ჯერი არის „ქართულ ოცნებაზე“ და მთავრობაზე, რომ მოვიდნენ გონივრული კომპრომისით იმის შესახებ, თუ როგორ და როდის ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც ასახავს საზოგადოების ნებას“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.